ჯანდაცვის მინისტრ ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, საქართველოში უკვე „ომიკრონის“ 1000-მდე დადასტურებული შემთხვევაა, თუმცა დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ახალი შტამის ცირკულირების გაზრდის შემთხვევაში, ჯანდაცვის სისტემა მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს.
„გასული სადღესასწაულო დღეებიდან გამომდინარე, გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ზრდა. დადასტურებულია 1000-მდე ახალი შტამის, „ომიკრონის“ შემთხვევა; თუ შეიძლება დადებითად ჩაითვალოს, არის ის, რომ „ომიკრონის“ მიმდინარეობა საკმაოდ მსუბუქია, არ გაზრდილა მნიშვნელოვნად ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი და შემცირებულია გარდაცვალებების რაოდენობა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევაში, თუ „ომიკრონის“ შემთხვევები გაიზრდება, ჯანდაცვის სექტორი მობილიზებულია და მზად არის გაუმკლავდეს გამოწვევებს. ადგილზე გვაქვს მედიკამენტები, რითიც სხვადასხვა ეტაპზე ვახდენთ ინფიცირებულთა მკურნალობას. ასევე შევუკვეთეთ და რამდენიმე კვირაში დამატებით გვექნება „ფაიზერის“ და „მერკის“ მედიკამენტი, რაც საკმაოდ ეფექტიანია“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, დღეიდან ჯანდაცვის და ჯანმოსგან შედგენილი ჯგუფები მოახდენენ ჰოსპიტალური სექტორის შემოწმებას, რის შედეგადაც, საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეებს მშვიდად და უსაფრთხოდ შეეძლებათ ჰოსპიტალებში მკურნალობა.
ზურაბ აზარაშვილი მოქალაქეებს აცრისა და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებს.




























