მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პაციენტებთან, რომლებსაც არ ესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება, შესაძლოა, დაყოვნებით მოხდეს რეაგირება"

5f9037b37ca2b
ინგა მურუსიძე
21.10.20 22:19
948
„გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე პაციენტთან სასწრაფო დახმარების ჯგუფები ოპერატიულად მიდიან და დაუყოვნებლივ რეაგირებას ახდენენ“, - ამის შესახებ აჭარის სამედიცინო უზრუნველყოფისა და გამოძახებათა მართვის დეპარტამენტის უფროსმა ამირან გოგიტიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტებთან, რომლებსაც არ ესაჭიროებათ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, შესაძლოა, გარკვეული დაყოვნებით მოხდეს რეაგირება.

„როდესაც ხორციელდება ზარი გადაუდებელი დახმარების ერთიან ნომერზე, 112-ზე, ხდება ზარების პრიორიტეტიზაციის მიხედვით დაყოფა. გარკვეული ჯგუფის პაციენტები თავშივე ხვდებიან ოჯახის ექიმთან შემდგომი მეთვალყურეობის მიზნით და მკურნალობის პერიოდს გადის ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, ხოლო გარკვეული ჯგუფის პაციენტები მისამართდებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების მიმართულებით, სადაც ასევე ხორციელდება შემდგომი ტრიაჟი“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

მისივე თქმით, სამედიცინო პერსონალის ინფიცირების რაოდენობა გუშინდელი დღის მონაცემებით თბილისში იყო 10, ხოლო ჯამში, მთელი საქართველოს მაშტაბით შეადგენს - 36-ს.

„მინდა აღვნიშნო, რომ სამედიცინო პერსონალი ქვეყნის მასშტაბით გვყავს დაახლოებით 4200 ადამიანი, ხოლო 36 ინფიცირებული ადამიანი, რა თქმა უნდა, არ გამოიწვევს გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდების შეფერხებას. კიდევ ერთხელ მინდა დავამშვიდო მოსახლეობა ამ კუთხით და ვთქვა, რომ გადაუდებელი დახმარების სერვისის მიწოდებას ქვეყნის მასშტაბით არანაირი საფრთხე არ ემუქრება და ჩვეულ რეჟიმში სამედიცინო ბრიგადები აგრძელებენ 24-საათიან რეჟიმში მუშაობას“, - განაცხადა ამირან გოგიტიძემ.

ინფორმაციისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ეკიპაჟები საქართველოს მასშტაბით, ყოველდღიურად 3000 გამოძახებას ასრულებენ. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, მოსახლეობას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 332 ეკიპაჟი ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები