პურპროდუქტების მწარმოებელ კომპანია „იფქლში" პურის გაძვირების მოლოდინი არ აქვთ, თუმცა როგორც bm.ge-ის კომპანიის დირექტორმა არისი ბოჭოიძემ განუცხადა, ზოგადად, გაძვირდება თუ არა პური, ამის პროგნოზი რთულია, რადგან ფასს სხვადასხვა ფაქტორები განაპირობებს.
„ძალიან რთულია წინასწარ იმის პროგნოზირება თუ რამდენად მოსალოდნელია პურზე ფასის ზრდა მომავალში. ამის განსასაზღვრად უნდა ვიცოდეთ, ზუსტად რამდენი ლარით მოიმატებს ერთი ტომარა ფქვილის ფასი, როგორი იქნება ეროვნული ვალუტის კურსი, ენერგომატარებლების ფასი და ა.შ., რადგან ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში”, - უთხრა BM.GE-ის არისი ბოჭოიძემ და დასძინა, რომ
"იფქლში" ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობენ, პურპროდუქტებზე ფასების მატებისგან თავი შეიკავონ. "კარგად ვიაზრებთ იმ სოციალურ პასუხისმგებლობას, რომელიც მომხმარებლების წინაშე გვაქვს“, - აღნიშნა მან.
ამასთან, "იფქლის" დირექტორმა პურის შესაძლო გაძვირებაზე საუბრისას, განსაკუთრებული აქცენტი ხორბლის ფქვილის ფასზე გააკეთა, რომელიც ბაზარზე 47-დან 51 ლარამდე მერყეობს.
„იფქლი" არ არის ნედლეულის იმპორტიორი კომპანია; ჩვენ ქართულ ბაზარზე არსებული წისქვილკომბინატებისგან ვიძენთ პროდუქციას წარმოებისათვის. შესაბამისად, მთლიანად ვართ დამოკიდებული იმაზე, თუ რა ფასად მოგვაწვდიან სხვადასხვა მომწოდებლები ნედლეულს. წლის განმავლობაში ყოველთვის არის პერიოდები, როდესაც ხორბლის ფქვილის ფასი ბაზარზე მერყეობს. რიგ შემთხვევებში ფასნამატი ერთ ტომარა ფქვილზე არ არის ისეთი მაღალი, რომ პროდუქტზე ფასის დაკორექტირების აუცილებლობა დადგეს დღის წესრიგში. ვიმედოვნებთ, რომ თუკი ფქვილზე ფასი ახლო მომავალში გაიზრდება, მატება არ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი, რომ პროდუქტზე ფასის გადახედვის საკითხი დღის წესრიგში დადგეს. მოცემული მდგომარეობით, ამის საშიშროება არ არის”, - აცხადებს არისი ბოჭოიძე.
ცნობისთვის, რუსეთში ხორბლის ფასი გაიზარდა - ამის შესახებ რუსული გამოცემები რუსეთის ფედერაციის რეგიონული სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან. ამასთან, ერთად მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ხორბალზე 100%-მდე გაიზარდა.