მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქართულ ბაზარზე ფქვილის ფასმა შემცირება დაიწყო“ - “ბარაქა"

63061ddf60664
ალა ისპირიანი
24.08.22 19:00
1967
ქვეყანაში ადგილობრივი ხორბლის მოსავლის აღების სეზონია, რის გამოც ფქვილის ფასმა შემცირება დაიწყო. Bm.ge-ს კომპანია “ბარაქას” ხელმძღვანელმა ლადო ბიძინაშვილმა უთხრა, რომ 1 ტომარა ფქვილის ძველ და ახალ ფასს შორის სხვაობა ამ ეტაპზე 5 ლარია.

„მოსავლის აღების პერიოდში ხორბლის ფასი უფრო მიმზიდველია ხოლმე, მაგრამ ადგილობრივი ხორბლის წარმადობა მთლიანად დიდი წისქვილების მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს და ვიცით, რომ ისინი გაჩერებულია და ამ ეტაპისთვის წისქვილებისთვის დიდად არაფერი შეცვლილა. იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად გაჩერებულები ვართ და მცირე რაოდენობის გადამუშავებას უზრუნველყოფთ, ამ ეტაპზე ქართული ხორბლის მოხმარება ძალიან მცირე, თვეში 100 -150 ტონამდე გვაქვს. ვიყენებთ იმპორტირებულ ხორბალსაც და ჯამურად დაახლოებით 400 ტონის ფარგლებში გადავამუშავებთ.

რაც შეეხება ფასებს, ყოველ წელიწადს მოსავლის აღების პერიოდში ხორბლის ფასი ქვევით მოდის და შემდეგ ისევ ზრდას განაგრძობს. შესაბამისად, არა მარტო საქართველოში, რუსეთშიც ხორბლის აღების პერიოდია და ფასები ქვევით დაიძრა. ფქვილის ფასმა ამ ეტაპისთვის ხორბლის ფასიდან გამომდინარე კლება დაიწყო. დაახლოებით 85 ლარის ფარგლებში იყო პირველი ხარისხის ფქვილის ფასი და 1 ტომარაზე დაახლოებით 5 ლარით არის დაკლებული“, - ამბობს ლადო ბიძინაშვილი და დასძენს, რომ აღნიშნული ცვლილება როგორ იმოქმედებს პურის ფასზე ამას მომავალში ბაზარზე განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს.

რაც შეეხება ხორბლის ფასს, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაში არსებული დიდი წისქვილები ფაქტობრივად გაჩერებულია, ბიძინაშვილის თქმით, ადგილობრივ ფერმერებს მოლოდინი ჰქონდათ, რომ ხორბლის ფასი უფრო მაღალი იქნებოდა, მაგრამ შემცირებული მოთხოვნიდან გამომდინარე 1 ტონა ადგილობრივი ხორბლის ღირებულება 1000 ლარის ფარგლებში მერყეობს , იმპორტირებული კი - 350 დოლარი ღირს.

რაც შეეხება გამოწვევებს, მისი თქმით, დღემდე ყველაზე დიდ პრობლემად რუსეთის მხრიდან მარცვლეულზე დაწესებული საექსპორტო გადასახადია.

ცნობისთვის: მარცვლეული კულტურების ექსპორტზე რუსეთმა მცურავი ბაჟი გასული წლის 2 ივნისიდან აამოქმედა, რაც ყოველკვირეულად მოსკოვის ბირჟაზე მარცვლეულზე დაწესებული ღირებულების საფუძველზე განისაზღვრება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები