მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქვეყნებს ვაქცინის შესანახად საჭირო მაცივრები უნდა ჰქონდეთ" – ზაზა წერეთელი მოსალოდნელ გამოწვევებზე

5fae8ce36a434
ლიკა გურაბანიძე
13.11.20 21:19
1259

ნორვეგიის ჯანდაცვის სამინისტროს უფროსმა მრჩეველმა ზაზა წერეთელმა “საქმიან დილასთან” საუბრისას ბოლო პერიოდში Pfizer-ის ვაქცინის მიმართ დადებით მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა, რომ თავდაპირველად ვაქცინა ყველასთვის საკმარისი არ იქნება.

“პანდემია ძალებს იკრებს და ეს ევროპაში განსაკუთრებით შეინიშნება. ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე დღის წინ Pfizer-მა გამოაქვეყნა დამაიმედებელია. საქმე იმაშია, რომ კომპანიამ ცდები სექტემბერში დაიწყო და ახლა ცდებში დაახლოებით 43 ათასი ადამიანია ჩართული და როგორც პირველადმა შედეგებმა აჩვენა, ვაქცინის ეფექტიანობა 90%-ია.

პირველი წარმოების შემთვევაში კომპანიაში 500 ათასამდე დოზის გამოშვებას ვარაუდობენ. ამ ვაქცინით ადამიანი ორჯერ უნდა აიცრას. ალბათ თავიდან იმ ჯგუფების აცრას დაიწყებენ, რომლებსაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. მაგალითად: ექიმები და ასაკოვანი ადამიანები, აქედან გამომდინარე იმის თქმა, რომ მთელი მსოფლიო ერთად აიცრება, რესურსების გამო შეუძლებელი იქნება", - განაცხადა წერეთელმა.

ზაზა წერეთლის თქმით, ვაქცინის გამოსვლის შემთხვევაში, აუცილებელია, რომ მისი ეფექტიანობის შესახებ მოსახლეობას ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ.

“კოვიდ ვაქცინები გენეტიკურად წარმოებულია და მათ შენახვას დაბალი ტემპერატურა სჭირდება, დაახლოებით -70-დან -80 გრადუსამდე, ანუ სპეციალური მაცივრების საჭიროება დგას. ამიტომ, სხვადასხვა ქვეყნებს ვაქცინის შესანახად საჭირო მაცივრები უნდა ჰქონდეთ. საქართველოს აქვს ფიქრის დრო თუ ვაქცინის გამოსვლის შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ. ჯობს ახლავე ვიყოთ მზად, ვიდრე ვაქცინის გამოსვლის შემდგომ.

აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ იმუნიზაციის დადებითი ეფექტის შესახებ მოსახლეობას არ სჯერა. აუცილებელია, რომ ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ კონკრეტული დროების გათვალისწინებით, მოსახლეობას ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ, ასევე მათ ვაქცინაციის უარყოფით ეფექტებზეც უნდა ვესაუბროთ", - აღნიშნა წერეთელმა.

ცნობისთვის: გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა კომპანია Pfizer-მა გაავრცელეს განცხადება იმის შესახებ, რომ მათ შექმნეს ახალი კორონავირუსის ვაქცინა, რომლის ეფექტურობა 90%-ია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ეს ყველაზე ოპტიმისტური განცხადებაა, რომელმაც მილიარდობით ადამიანს მისცა იმედი, რომ მალე კორონავირუსის პანდემიას კაცობრიობა დაამარცხებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები