მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რაჭაში ხანძარი ლოკალიზებულია, იმედი გვაქვს, ბორჯომშიც მალე დავამარცხებთ" - დავითაშვილი

6307215b454b9
მარიამ იზორია
25.08.22 11:30
796
„რაჭაში ხანძარი ლოკალიზებულია, იმედი გვაქვს, ბორჯომშიც მალე დავამარცხებთ“ - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განუცხადა.

მისი განმარტებით, ხანძრები ახლა მაღალი ტემპერატურის გამო ყველაზე დიდი გამოწვევაა, თუმცა აღნიშნულ ლოკაციებზე ცეცხლის კიდევ უფრო მასშტაბურ გავრცელებას არ ელოდებიან.

ვიცე-პრემიერი იმასაც აღნიშნავს, რომ ზარალზე საუბარი ამ ეტაპისთვის ნაადრევია.

"ქვეყანაში უპრეცედენტოდ გვალვიანი სეზონია, ყველაზე რისკიანი ამ მხრივ არის წიწვოვანი ტყეები, აქ გვაქვს ხანძრის კერები. ზარალთან დაკავშირებით ჯერ ნაადრევია ვისაუბროთ. თავდაპირველად ხანძარი ტყის ქვედა ფენაში გავრცელდა და ნაკლები იყო მცენარეების დაზიანება, ჩვენ მეტ გავრცელებას არ ველოდით, მაქსიმალურად არის მობილიზებული ყველა შესაძლო საშუალება, რათა მოხდეს ხანძრის ლოკალიზება და ჩაქრობა. მყისიერად მოხდა, მათ შორის, თავდაცვის ძალების გამოყენება, მობილიზებულია ტექნიკაც. ჩვენმა მეზობელმა ქვეყნებმაც დახმარების მზაობა მაშინვე გამოთქვეს.

ამ დროისთვის რაჭაში ცეცხლი ლოკალიზებულია, იმედი გვაქვს, ბორჯომშიც მალე დავამარცხებთ. ცეცხლის გავრცელების მიზეზი ხანძრის დასრულების შემდეგ დადგინდება. მაღალი ტემპერატურების გამო, რთულია რამე იყოს გასაკვირი. ამ მხრივ აგვისტო ყველაზე საფრთხილო პერიოდია, გასულ წლებშიც გვაქვს ამის გამოცდილება, გვახსოვს ამავე პერიოდში მასშტაბური ხანძარი ბორჯომში. ევროპაში და განვითარებულ დასავლეთის ქვეყნებშიც უარესი მდგომარეობაა, უნდა გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ ხანძრებს", - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

ცნობისთვის, ბორჯომის შემდეგ, ხანძარი რაჭაში კერძოდ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ძირაგეულშიც გაჩნდა. წიწვოვანი ტყის მიმდებარედ რამდენიმე კერაზე დაიწვა ბალახი, ბუჩქები, ეკალ-ბარდი და მცირე ზომის ხეები დაახლოებით 8 ჰა-ზე. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები