მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რამდენიმე საკვანძო თანამდებობის პირმა კომპანია დატოვა" - MyWays Airlines-ის დირექტორი

62f6155a4f781
მარიამ ვარადაშვილი
12.08.22 13:32
1354
მარეგულირებელმა ავიაკომპანია Myway Airlines-ს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) შეუჩერა, ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია ოპერირებას ვეღარ შეძლებს. Myway Airlines-თვის სერტიფიკატის შეჩერების მიზეზი არაგეგმური აუდიტის შედეგად გამოვლენილი ნაკლოვანებები გახდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით BM.GE-მ კომპანიას მიმართა. 

MyWays Airlines-ის დირექტორი რატი ბაკურაძე სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი (AOC) შეჩერებაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეულმა პირებმა თანამდებობა დატოვეს.

“ჩვენს ავიაკომპანიაში 2022 წლის ივლისში ჩატარდა არაგეგმიური აუდიტი [სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ], რის შედეგადაც გამოვლინდა დარღვევები. დარღვევებიდან გამომდინარე, რამდენიმე საკვანძო თანამდებობის პირმა დატოვა დაკავებული პოზიცია. არსებობს დასაბუთებული ეჭვი კომპანიისთვის განზრახ ზიანის მიყენებსთან დაკავშირებით ამ პირთა მხრიდან, რაზეც შიდა მოკვლევა მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ჩვენი გუნდი აღნიშნული დარღვევების აღმოფხვრაზე მუშაობს და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში ფრენების აღდგენას შევძლებთ.

ამ ეტაპზე შეჩერებულია ექსპლუატანტის სერტიფიკატი. შესაბამისად, როგორც კი აღმოვფხვრით აუდიტის შედეგად გამოვლენილ შენიშვნებს, აღდგება აღნიშნული სერტიფიკატიც”, - უთხრა კომპანიის დირექტორმა BMG-ს.

ქვეყანაში მოქმედი წესის მიხედვით, ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების გაუქმებით კომპანია ოპერირებას აჩერებს. კერძოდ, საჰაერო ხომალდის კომერციული მიზნით ექსპლუატაცია საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ ამ სერტიფიკატის გარეშე, აკრძალულია. ამასთან, საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის გაცემას, გაცემაზე უარის თქმას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას და აღდგენას, სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელებას ზედამხედველობას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ახორციელებს. აქედან გამომდინარე, სწორედ ეკონომიკის სამინისტროს სსიპ-მა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება აღუდგენს თუ არა AOC-ს MyWays Airlines-ს. 

ავიაციის სააგენტომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის შეჩერებასთან დაკაშირებით განმარტა, რომ სერტიფიკატის შეჩერების საფუძველი გახდა სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მიერ გამოვლენილი 3 პირველი დონის (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან, ავიასაწარმოს პროცედურებსა და სახელმძღვანელოებთან, მიწოდებული მომსახურებ(ებ)ის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებთან ან სერტიფიკატით დადგენილ პირობებთან ისეთი შეუსაბამობა, რომელიც აქვეითებს უსაფრთხოების დონეს ან მას უქმნის სერიოზულ საფრთხეს) და 19 მეორე დონის (კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ავიასაწარმოს პროცედურებსა და სახელმძღვანელოებთან, ან სერტიფიკატით განსაზღვრულ პირობებთან ისეთი შეუსაბამობა, რომელმაც პოტენციურად შეიძლება დააქვეითოს უსაფრთხოების დონე ან სერიოზული საფრთხე შეუქმნას მას.) ნაკლოვანება, რომლებიც გამომდინარეობდნენ ხსენებულ ავიაკომპანიაში შექმნილი მართვის სისტემაში არსებული ხარვეზებიდან და უშუალო ზეგავლენას ახდენდნენ ფრენების უსაფრთხოებაზე.

სააგენტოს თანახმად, ფრენის და მგზავრთა უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომპანიას შეუჩერდა სერტიფიკატით მინიჭებული უფლებების შემდგომი განხორციელება და აეკრძალა ფრენები. სერტიფიკატის მოქმედება შეჩერებულია იმ დრომდე, ვიდრე ავიასაწარმოს მიერ არ გამოსწორდება სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევები.

2021 წლის ბოლოს სააგენტომ Myway Airlines-ს საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვის მოწმობა გაუუქმა, რაც ავიაკომპანიის მხრიდან სასამართლოში გასაჩივრდა. ეს ქმედება კი ავტომატურად გახდა იმის საფუძველი, რომ Myway Airlines-ს საჰაერო გადაყვანა/გადაზიდვის მოწმობა დროებით აღუდგა, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები