მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რატომ ვიხვეწებით იმას, რაც კანონით ისედაც მოქალაქის ვალდებულებაა?!"- ჯანდაცვის სპეციალისტი

614dd2e2f0515
ვიქტორია მღებრიშვილი
24.09.21 18:08
3847
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი ეპიდემიასთან ბრძოლის სხვადასხვა მექანიზმის - პირბადის ტარებისა და ვაქცინაციის სავალდებულოობის შესახებ პოსტს აქვეყნებს, რითიც „ანალიტიკას“ 24 სექტემბრის ეთერს ეხმაურება. გადაცემა ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას და ვაქცინაციის შემცირებულ ტემპებს ეხებოდა, საუბარი შეეხო კოვიდ-ვაქცინაციის შესახებ მოსახლეობამდე ინფორმაციის მიტანის მნიშვნელობას.

BM.GE ჯანდაცვის სპეციალისტის შეფასებასა და მოსაზრებას უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს დილას „საქმიანი დილის“ "ანალიტიკას" ვუსმენდი და ჩემი კოლეგები კიდევ ერთხელ საუბრობდენ პირბადის ტარებისა და აცრის აუცილებლობაზე. ვეთანხმები ყოველ ნათქვამ სიტყვას, მაგრამ მაკვირვებს ის ფაქტი, რომ არავინ საუბრობს კანონის მოთხოვნის აღსრულებაზე. განვმარტავ, რას ვგულისხმობ:

პანდემიის დასაწყისიდან გვესმის ბ-ნ ამირან გამყრელიძისა და ბ-ნ პაატა იმნაძის თხოვნა, ვატაროთ პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, როგორც ამას რეგულაცია მოითხოვს. სულ მიკვირდა, რატომ ვიხვეწებით იმას, რაც მოქალაქის ვალდებულებაა კანონის თანახმად. ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივ არხზე, მიხეილ ჭკუასელის გადაცემაში ვიყავი მიწვეული და მისმა აღფრთოვანებამ ფაქტით, რომ ეს ყველაფერი თურმე კანონში 2007 წელს უკვე ეწერა, გამიჩინა ეჭვი, რომ ბევრმა ჩემმა კოლეგამაც არ იცის, რა წერია საქართველოს კანონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ. ეს არ ეხება არც ბ-ნ ამირანს, არც ბ-ნ პაატას და რა თქმა უნდა, არც ჩემს იმ კოლეგებს, ვინც "ანალიტიკის" ეთერში საუბრობდა (ზოგიერთი მათგანი თანაავტორია ამ კანონის). მათთვის, ვისაც დღემდე ამ კანონის და მისი მე-2 მუხლის შესახებ არ სმენია, მომყავს ციტატა:

1. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანი ვალდებულია:

ა) არ განახორციელოს ისეთი საქმიანობა, რომელიც ქმნის გადამდები და არაგადამდები დაავადებების გავრცელების საფრთხეს, იწვევს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წარმოქმნას;
ბ) გადამდები დაავადებების აღმოცენებისა და გავრცელების საშიშროების შემთხვევაში, კომპეტენტური ორგანოების მოთხოვნით, ჩაიტაროს ყველა სამედიცინო პროცედურა, რომელიც აუცილებელია სხვა პირის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან ასაცილებლად;
ვ) სამედიცინო უკუჩვენებების არარსებობის შემთხვევაში ჩაიტაროს ვაქცინაცია გადამდები დაავადებების აფეთქების ან ფართოდ გავრცელების, ანდა ეპიდემიის დაწყების საშიშროებისას;
ზ) ჩაიტაროს პროფილაქტიკური აცრა, თუ მისი საქმიანობა დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;
თ) დაიცვას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდარი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და დადგენილ ფარგლებში.

2. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა ადამიანის უფლებაა:

ა) სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელ დაწესებულებაში დაცული იყოს გადამდები დაავადებებისაგან;
ბ) უარი თქვას პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე, თუ საქმე არ ეხება ეპიდემიას ან პანდემიას. პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარებაზე უარის თქმის უფლება არ აქვს იმ პირს, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია გადამდები დაავადებების გავრცელების მაღალ რისკთან;
გ) ცხოვრობდეს ჯანმრთელობისათვის უვნებელ გარემოში;
დ) დროულად მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია პროფილაქტიკური აცრის არსისა და აუცილებლობის, მოსალოდნელი კლინიკური გამოსავლის, აცრასთან დაკავშირებული რისკისა და აცრაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაძლო შედეგების შესახებ.

როგორც ხედავთ, კანონი ძალიან მკაფიოდ განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი ადამიანის როგორც ვალდებულებას, ისე უფლებას და ასევე მკაფიოა ის გამონაკლისები, როცა ეს უფლებები შეიძლება დაირღვეს. კანონი კი ამბობს, რომ მისი შეუსრულებლობა საქართველოს კანონით ისჯება, მაგრამ არ აზუსტებს, როგორ. ჩემი აზრით, ეს არის პრობლემა, თუმცა, მთვრობის დადგენილებით განსაზღვრული ზომები (ჯარიმებს ვგულისხმობ), გაუქმებულ იქნა და აწი რთული იქნება მოსახლეობისთვის მისი ვალდებულებების მოთხოვნა, ვინაიდან მათ იციან, რომ მაინც „აპატიებენ“. ეჭვი მაქვს, როდესაც ამ გადაწყვიტილებას ღებულობდენ მავანნი, არ უფიქრიათ, ამ კეთილშობილურ აქტს რა შედეგები მოყვებოდა. ეს კანონი ასევე განსაზღვრავს სახელმწიფოს ვალდებულებას, მოქალაქეს დროულად მიაწოდოს ინფორმაცია აცრაზე, მასთან დაკავშირებულ რისკებზე და აცრის არ ჩატარებასთან დაკავშირებულ შესაძლო მძიმე შედეგებზე. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, არც მოქალაქე და არც სახელმწიფო მის ვალდებულებებს ამ ნაწილში არ ასრულებს. ამიტომ, უსამართლო მგონია მოსახლეობის უპასუხისმგებლობაზე საუბარი, მაშინ როდესაც სახელმწიფოს ყველა რესურსი არ გამოუყენებია, რათა ეს უპასუხისმგებლო ქცევა თავიდან აეცილებინა.

აქვე მინდა გაუთვითცნობიერებულ მკითხველს მივაწოდო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორი განმარტება, რომელიც პრინციპში ერთმანეთისაგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება:

1. ჯანმო-ს მიხედვით, საზოგადოებრივი ჯანმრთელობა განისაზღვრება, როგორც "დაავადებების პრევენციის ხელოვნება და მეცნიერება, სიცოცხლის გახანგრძლივებისა და ჯანმრთელობის ხელშეწყობის მიზნით და საზოგადოების ორგანიზებული ძალისხმევით"(Acheson, 1988; WHO).
2. ოქსფორდის უცხო სიტყვათა ლექსიკონი ჩვეულებრივი მოკვდავებისათვის, საზოგადოებრივ ჯანდაცვას ასე განმარტავს მარტივად: მთლიანად მოსახლეობის ჯანმრთელობა, განსაკუთრებით, როგორც მთავრობის რეგულირებისა და მხარდაჭერის საგანი. (ოქსფორდის უცხო სიტყვათა ლექსიკონი).

ვფიქრობ, გასაგებია, რატომ ვართ საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტთა უმრავლესობა პრევენციული ღონისძიებების სავალდებულო წესით გატარების მომხრეები, ჩვენი ზრუნვის საგანი მთლიანად საზოგადოებაა და არა კონკრეტული ინდივიდი. მაშინ, როცა ჩემი კლინიცისტი კოლეგებისთვის, ზრუნვის საგანი ინდივიდია, მისი ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. მახსოვს, როდესაც მაგისტრატურის კურსის გასავლელად ევროპაში გავემგზავრე (გასული საუკუნის მიწურულს), აღვშფოთდი, როცა კურსის ხელმძღვანელმა შეშფოთება გამოთქვა, რთული ჯგუფი იქნებითო. მიზეზი იყო ჯგუფის უმრავლესობის კლინიკაში მუშაობის გამოცდილება. მაშინ ეს ჩვენი უმრავლესობისათვის გაუგებარი და მიუღებელი განცხადება იყო, წლების მერე მივხვდი, რომ ის ქალბატონი მართალი იყო. კლინიკა და საზოგადოებრივი ჯანდაცვა - ეს ორი განსხვავებული სფეროა და შესაბამისად, განსხვავებული დამოკიდებულება ვალდებულებებისა და უფლებების მიმართ.

არ მინდა მკითხველმა ისე გაიგოს, თითქოს პრევენციული ღონისძიებების სავალდებულო წესით გატარების უპირობო მომხრე ვარ. მანამ, სანამ მოსახლეობის უმრავლესობა კვალიფიციურ პასუხს (ინფორმაციას) არ მიიღებს იმ საკითხებზე, რაც მაც მათ ადარდებთ და აბნევთ აცრებთან მიმართებაში, სავალდებულო აცრებმა შეიძლება კიდევ უფრო დიდი უარყოფის ტალღა გამოიწვიოს. ამიტომ, სანამ ყველა სხვა საშუალება არ იქნება ამოწურული, სანამ სახელმწიფო სრულად არ შეასრულებს მის ვალდებულებებს, ამაზე საუბარი ნაადრევად მიმაჩნია, თუმცაღა, განვმეორდები, კანონი ნათლად ამბობს, რა და როგორ უნდა გაკეთდეს და კითხვის ნიშნის დასმის საშუალებასაც არ იძლევა“, - წერს საზოგადობრივი ჯანდაცვის სპეციალისტი ქეთევან ჩხატარაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები