შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებს შეხვდა. უწყებაში განმარტავენ, რომ ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრა საკონსტულაციო ხასიათის იყო და სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალს ეხებოდა, საიდანაც სასტუმრო/რესტორნების დარგი გასული წლის დეკემბერში ამოიღეს. კერძოდ, ახალი რეგულაციის მიხედვით, ამ სექტორში დასაქმებულებისთვის სამუშაო დრო კვირაში 48 საათიდან 40-მდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ კვირაში 40-ზე მეტი საათის მუშაობის შემთხვევაში, ყოველ გადაცილებულ საათზე დასაქმებულმა უნდა მიიღოს ზეგანაკვეთური ანაზღაურება.
შეხვედრა ბიზნესის ინიციტიავით გაიმართა და მას სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილიც ესწრებოდა. როგორც მან BMG-ის უთხრა, სამუშაო დროის შემცირება განსაკუთრებით პრობლემური რეგიონების სასტუმროებში დასაქმებული ადამიანებისთვის იქნება.
“ამ დადგენილების ამოქმედებიდან ეს მესამე შეხვედრა იყო. ჩემი პოზიციაა, რომ რეგიონში მდებარე სასტუმროების მიმართ სხვაგვარი მიდგომა არსებობდეს და იქ უნდა შეიძლებლოდეს უფრო მეტი საათით დასაქმება. შრომის ინსპექცია ამ თემას განიხილავს და ვნახოთ რა მოხდება. ვიცი, რომ მთელ მსოფლიოში 40-საათიანი სამუშაო კვირა დამკვირებული სტანდარტია, თუმცა ჩვენთვის რეგიონების შემთხვევაში ამის აღსრულება ძალიან რთული იქნება. იმიტომ, რომ პერსონალი მიგვყავს სამუშაოდ, ისინი შენთან ცხოვრობენ და შეუძლებელია, მხოლოდ 40 საათი იმუშაონ. ამიტომ, ეს საკითხი უნდა განიხილონ, თუმცა ასევე ვიცით, რომ მიღებული დადგენილება აღარ გადაიხედება. შეხვედრის მთავარი მიზანი იყო, შრომის ინსპექციას კარგად აეხსნა სექტორის წარმომადგენლებისთვის ამ ცვლილების არსი და ისიც, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ახალი წესის პირობებში”,-ამბობს ის.
კითხვაზე გამოიწვევს თუ არა ეს ცვლილება სტუმარ-მასპინძლობის სექტორში დასაქმებულთა ხელფასის კლებას, ალავერდაშვილი პასუხობს, რომ მსგავსი რამ ვერ მოხდება და პირიქით, მუშახელის დეფიციტის გამო დასაქმებულებისთვის ხელფასის მატება კიდევ მოუწევთ.
შეგახსენებთ: მთავრობამ სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ახალი ჩამონათვალი გასულ წელს დაამტკიცა. შრომის კოდექსის თანახმად, დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა, რომლის განმავლობაშიც დასაქმებული ასრულებს სამუშაოს, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, თუმცა განსხვავებული მიდგომაა სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოებში, სადაც წარმოების/შრომითი პროცესი ითვალისწინებს 8 საათზე მეტი ხანგრძლივობის უწყვეტ რეჟიმს – კვირაში 48 საათს.