მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რესტორნების უმრავლესობა HACCP-ის სტანდარტს ისევ ვერ აკმაყოფილებს.. ჩვენთან ერთად სახელმწიფოც სწავლობს"

62cee9865f64f
თამთა ჯიჯავაძე
13.07.22 20:15
1036
2021 წლის 1-ელი ივნისიდან საქართველოში არსებული რესტორნები, კაფეები-ბარები და ჰორეკა სექტორში მოქმედი სხვა ობიექტები, რომლებიც სურსათის გადამუშავებას და მიწოდებას ახორციელებენ, ვალდებული არიან, HACCP-ის სტანდარტი დანერგონ. თუმცა, როგორც რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა ბურჯანაძე აცხადებს, რესტორნების უმრავლესობა აღნიშნულ სტანდარტს ვერ აკმაყოფილებს, ვინაიდან სექტორი თავიდანვე მოუმზადებელი იყო ამისთვის, ასევე, დღეს არსებულ სტანდარტებში ისეთი პუნქტებია, რომელთა დაკმაყოფილება, ხშირ შემთხვევაში, წარმოუდგენელი შეიძლება იყოს.

„ჩვენი ასოციაცია 600-მდე რესტორანს აერთიანებს. აქედან შეიძლება 15-20% აკმაყოფილებდეს იმ სტანდარტს, რაც არსებობს. ამ დრომდე, ის ობიექტი, რომელიც 1-2-ჯერ გააფრთხილეს, რეკომენდაციები მისცეს და მაინც არაფერს აკეთებს, ჯარიმდება. სურსათის უვნებლობას სხვა არჩევანი არ აქვს. სხვანაირად რესტორნების დაახლოებით 80% უბრალოდ დაკეტილი უნდა იყოს. რეალურად ამ ხალხმა - ოპერატორებმა უნდა ისწავლონ სტანდარტების დაკმაყოფილება. მაგრამ ყველაფერი, რაც ფურცელზე არის დაწერილი, საქართველოში ვერასდროს შესრულდება. ნიუანსებია ისეთი, რომელიც შესაძლოა განმარტებისთვის რთული იყოს. მაგალითად, ე.წ. ალაკაპეს სისტემა და ქართული სუფრის სისტემა სხვადასხვაა. როდესაც თქვენთვის პერსონალურად მოდის კერძი, ეს შეიძლება სტანდარტების კუთხით შემოწმდეს, მაგრამ როდესაც 10 ადამიანისთვის ერთი მზადდება, ამ შემთხვევაში თითოეული ადამიანისთვის ვერ შემოწმდება. არადა კერძის შესახებ, რომელიც მზადდება, ფურცელზე უნდა იყოს გაწერილი ყველაფერი. ანუ როდის იქნა მიღებული ესა თუ ის პროდუქტი, როდის იქნა დაფასოებული და შემდეგ რეალიზებული.

მეორე მხრივ, პრობლემაა ინფრასტრუქტურა, რომელიც გამართული უნდა იყოს. ამ შემთხვევაში HACCP-ის სტანდარტებით არის დაკმაყოფილებული როგორც მომხმარებლის, ასევე თანამშრომლის უფლებებიც. 10 წლის წინ რომ გაიხსნა რესტორანი, როცა ამ სტანდარტების შესახებ წარმოდგენა არ ჰქონდათ, დღეს მათი გათვალისწინება იმ სივრცეში, სადაც დღეს ოპერატორი მოქმედებს, ურთულესია“, - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ამ საკითხზე ბიზნესი შესაბამის უწყებებთან მუშაობს და მალე HACCP-ის სისტემის დანერგვა უფრო მეტად იოლი იქნება ოპერატორებისთვის.

„იმ საკითხებზე, რაც სურსათის უვნებლობას ეხება, თვალის დახუჭვა არ უნდა მოხდეს, მაგრამ ინფრასტრუქტურის მიმართულებით, სადაც შეუძლებელია გამოსწორება, მაგრამ შესაძლებელია ოპერატორმა იფუნქციონიროს ისე, რომ ვინმეს სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას, რა თქმა უნდა, ველოდები რომ სახელმწიფო წამოვა დათმობაზე. ეს პრაქტიკა არამხოლოდ საქართველოში, არამედ ისეთ ქვეყნებშია, როგორიც იტალიაა, სადაც ისეთი სტანდარტები არ არის, როგორიც მაგალითად შეიძლება იყოს შვედეთში. ამიტომაც გასათვალისწინებელია ქართული რეალობა.

დღეს არსებულ სტანდარტებს თუ სახეცვლილება არ მიეცა, ის უბრალოდ ფურცელზე დაწერილად დარჩება“, - განაცხადა რესტორატორთა ასოციაციის პრეზიდენტმა.

შოთა ბურჯანაძის თქმითვე, HACCP-ის სტანდარტების შესახებ ბიზნესის ინფორმირებულობის პრობლემა თავიდანვე იყო, ეს პროცესი რამდენიმე წლით ადრე უნდა დაწყებულიყო, რათა 2021 წლის ივნისისთვის უკვე დანერგილი ყოფილიყო.

„ახლა ჩვენთან ერთად HACCP-ის სტანდარტებს სახელმწიფოც სწავლობს. ისე ნამდვილად არ არის, რომ ადამიანებმა, რომლებმაც ეს უნდა იცოდნენ, უკვე არიან ამ ცოდნით აღჭურვილი. ერთმანეთის სწავლებაში ვართ“, - დასძინა მან.

HACCP საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის სისტემაა, რომელიც სურსათის წარმოების პროცესში პოტენციური საფრთხეების დადგენას, მათ პრევენციას და აღმოფხვრას გულისხმობს. იმის გამო, რომ კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტებზე გადასვლა რთულ პანდემიურ პერიოდს დაემთხვევა, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სამსახურმა ბიზნესს 2022 წლის იანვრამდე საშეღავათო პერიოდი მისცა. თუმცა, როგორც ჩანს, ახალ რეგულაციების დაკმაყოფილება ობიექტების დიდ ნაწილისთვის ისევ გამოწვევაა.