მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამწუხაროდ, ვითარება საქართველოში არის კრიტიკული" - სენატში საქართველოზე იმსჯელეს

605a5f0fe2f11
თამთა ჯიჯავაძე
24.03.21 01:33
860
სამწუხაროდ, ვითარება საქართველოში არის კრიტიკული, რომლის გადაწყვეტაც ან დაუბრუნებს საქართველოს დემოკრატიულ გზას ან გაანადგურებს ქვეყნის მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯიშ შაჰინმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე თანამშრომლობის ქვეკომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან განაცხადა, საკმარისი არ არის ჩაატარო არჩევნები, რომლებიც აკმაყოფილებს ლეგიტიმურობის ზღვარს.

„დემოკრატიულ არჩევნებს უნდა ჰქონდეს მყარი მექანიზმები, რათა გადაწყვიტოს უთანხმოება, მექანიზმები, რომლებიც მიჩნეულია სამართლიანად დემოკრატიული პროცესის ყველა მონაწილის მიერ. აშშ-ი დიდი ხანია თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს მეგობარი და მოკავშირეა. თუმცა, ეს კავშირები დამოკიდებულია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ვალდებულებაზე. ნათლად რომ განვმარტოთ, საქართველოს დემოკრატიული ნაბიჯები უნდა იყოს ნაჩვენები ყველა ქართველის ქმედებებით, იქნებიან ისინი მთავრობის თუ ოპოზიციის წევრები. აუცილებელია, რომ მთავრობა დგამდეს ნაბიჯებს მიუკერძოებელი სასამართლოს უზრუნველყოფისთვის და მუშაობდეს ყველა ოპოზიციურ პარტიასთან, რათა იპოვოს კრიზისიდან შეთანხმებული გამოსავალი “, - განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.

სენატორმა ასევე გაიხსენა საქართველოში ჩატარებული 2012 წლის არჩევნები და ხელისუფლების ცვლილება და აღნიშნა, რომ მაშინ ქართული დემოკრატია გაიტესტა და გაძლიერდა.

„საქართველომ, ასევე, გამოხატა მისი სურვილი, რომ შეუერთდეს ევროპულ საზოგადოებას, მან განამტკიცა მისი სურვილი, რომ გახდეს ნატო-ს წევრი, რასაც მე მხარს ვუჭერდი და ვაგრძელებ მხარდაჭერას. და ეს არის სწორედ ის გზა, რომელიც ჩვენ გვსურს ახალი დემოკრატიებისთვის და ამას აქვს ორპარტიული მხარდაჭერა სენატში“, - აღნიშნა სენატორმა.

ცნობისთვის, სენატში საქართველოს საკითხზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმსჯელეს. სხდომას სენატორი ჯინ შაჰინი ხელმძღვანელობდა.