მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საქართველოს შეუძლია წყალბადის ექსპორტიორი გახდეს’’ - მაია მელიქიძე

6373d29636b3d
BM.GE
15.11.22 23:55
966
სემეკის წევრმა და ERRA-ს პრეზიდენტმა მაია მელიქიძემ განაცხადა, რომ საქართველოს შესაძლებლობა აქვს წყალბადის ექსპორტიორი გახდეს. მან გადაცემა "ქალების ნარატივში" თქვა, რომ წყალბადის წარმოების განვითარებისთვის მთავარი სამეცნიერო კვლევების ჩატარებაა, რისი ადამიანური რესურსიც ქვეყანას აქვს.

"მზისა და ქარის ენერგეტიკა შედარებით ახალია. ჰიდროენერგეტიკა კი ახლად არ ითვლება. ამერიკაში ყოფნის დროს, სექტემბერში, შევამჩნიე, რომ კომპანიების დიდ ნაწილს მანქანებიც წყალბადზე გადაჰყავთ, ეს კი არაჩვეულებრივი შესაძლებლობაა, შესაძლოა ეს ცოტა რთულად ჩანდეს, რადგან ქიმიურად მალფეთქებადია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შეგვიძლია ტექნოლოგიები ისე განვავითაროთ, რომ მანქანები ამ გამოწვევებისგან დავიცვათ. შესაძლებლობა და შანსი გვაქვს, გავხდეთ ქვეყანა, რომელიც წყალბადს, როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე ექსპორტისთვისაც იყენებს, ამის განვითარებისთვის კი მთავარი მეცნიერული კვლევების ჩატარებაა, რომ თავი უფრო უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, რისი ადამიანური რესურსიც გვაქვს და საკმაოდ ბევრი მეცნიერი გვყავს,’’ - განაცხადა მაია მელიქიძემ.

მელიქიძემ ასევე განახლებადი ენერგიის საერთაშორისო კონფერენციაც განიხილა, რაც მისი თქმით, იმის შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს ევროპისთვის საკუთარი შესაძლებლობები და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობისთვის მზაობა დაენახებინა.

"ERRA-ს ეგიდით ამ ტიპის კონფერენცია პირველად ჩატარდა და შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ შევქმენით პლატფორმა, სადაც მარეგულირებლები და ინვესტორები ერთმანეთს დავაკავშირეთ და მივეცით შანსი, რომ ერთმანეთთან პირდაპირ, ონლაინ რეჟიმში მათთვის მნიშვნელოვანი საკითხები განეხილათ. ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი იყო ჩამოსული და მათთან შეხვედრამ ჩვენ გარკვეული სარგებელიც მოგვიტანა. ევროპა მნიშვნელოვანი ენერგეტიკული პრობლემების წინაშე დგას და მსოფლიო თვალსაზრისით არაერთი შესაძლებლობა განიხილება, ჩვენ კი მათ ჩვენი პოტენციალი გავაცანით, ვუთხარით, რომ მზად ვართ, მარტივები ვართ და ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზებულია და საქმიან ურთიერთობაზე გადასვლა შეგვიძლია. ევროპისგან ძალიან დადებითი შეფასება იყო და ანა გრეტმა პირდაპირ თქვა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი, თუ არა ერთადერთი ხიდი არის ენერგეტიკა,’’ - აცხადებს მაია მელიქიძე.

რაც შეეხება საქართველოს ენერგო პოტენციალს, მაია მელიქიძე აღნიშნავს, რომ ქვეყანას 60 000 მეგა ვატი ელექტროენერგიის წარმოების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ამჟამად ამასთან შედარებით ბევრად ნაკლებს აწარმოებს. მისივე თქმით, 2030 წლისთვის შიდა ბაზარზე მოხმარება 22 000 მეგა ვატი იქნება და თუ საქართველო მომავალ 8 წელიწადში საკუთარი შესაძლებლობის ბოლომდე ათვისებას მოახერხებს, დარჩენილი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანას შეძლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები