საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის და მსოფლიო ბანკის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს პროდუქტიულობისა და ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და მაღალშემოსავლიანი ქვეყნის სტატუსის მიღებას, სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს განახლებადი ენერგიის უდიდესი პოტენციალის ათვისება შეუწყობს. ანგარიშის თანახმად, საქართველოს 18 გიგავატი განახლებადი ენერგიის მოპოვების შესაძლებლობა აქვს, თუმცა ეს პოტენციალი 20%-ითაც არ არის ათვისებული.
როგორც მაია მელიქიძე, საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის (GREDA) აღმასრულებელი დირექტორი, “ანალიტიკას” ეთერში საუბრობს, განახლებადი ენერგიის ათვისების მაჩვენებლები განსაკუთრებით მცირეა მზისა და ქარის რესურსებიდან.
“ჰიდროს ნაწილში, დაახლოებით, 25%-ია ათვისებული, მზისა და ქარის ნაწილში კი, უზარმაზარი პოტენციალის მიუხედავად, ათვისების მაჩვენებელი სახარბიელო და საამაყო არ გვაქვს. ამიტომ აქტიურად სამუშაო გვაქვს.
ჰიდროზე უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით ქვეყანას საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვინც ენგურჰესი ააშენა და ეს უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი პროექტი იყო საბჭოთა სამყაროში. დღეს ის მსხვილ პროექტებში აღარ სახელდება, რადგან ბევრმა ქვეყანამ გაგვასწრო შედეგებით. ამიტომ ჩვენ ჩვენი პოტენციალი უნდა ავითვისოთ, შევქმნათ სამუშაო ადგილები და განვავითაროთ საგანმანათლებლო პროექტები. ეს ვერ მოხერხდება, თუ ბიზნესი არ განვითარდა, რადგან სამუშაო ადგილს კერძო სექტორი ქმნის და არა სახელმწიფო”, - ამბობს მაია მელიქიძე.
IFC-ის ანგარიშის თანახმად, დარგის განვითარებისათვის ერთ-ერთი რეკომენდაცია გამოწვევებთან საბრძოლველად, ქონების გადასახადის გარკვეული წილის ადგილობრივ თემში დარჩენაა. აღსანიშნავია, რომ GREDA-მ ამ საკითხზე კანონპროექტი ჯერ კიდევ 2022 წელს მოამზადა, რომლის მიხედვითაც, ამოქმედების შემთხვევაში, განახლებადი ენერგიის სადგურების მიერ გადახდილი ქონების გადასახადის მნიშვნელოვანი წილი ადგილობრივ თემებში გადანაწილდება. მაია მელიქიძის თქმით ამ საკითხზე ეკონომიკის სამინისტროსთან მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება და 2024 წლიდან აქტიურ ფაზაში გადავა.
“ჩვენ გავმართეთ შეხვედრა სექტემბერში, როდესაც ეკონომიკის სამინისტროს კანონპროექტი მივაწოდეთ, ყველა პროცედურის გავლის შემდეგ კი გვქონდა შეხვედრები მაღალი რანგის სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებთან. შემდეგი ეტაპი მინისტრებთან შეხვედრაა, რათა კანონპროექტი კიდევ უფრო სიღრმისეულად განვიხილოთ, ამ მიმართულებით 2024 წლიდან ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ, რადგან უმნიშვნელოვანესია მისი პარლამენტში ინიციირებას”, - ამბობს მაია მელიქიძე.
ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი BMGTV-ის ეთერში დარგის გამოწვევებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ასოციაციის წარმომადგენლებს ხელშეწყობა განსაკუთრებით საკანონმდებლო თვალსაზრისით სჭირდებათ.
“ასოციაციის წევრებთან შეხვედრებმა აჩვენა, რომ დახმარება ყველაზე მეტად საკანონმდებლო საკითხებში სჭირდებათ, მათ შორის 515-ე დადგენილებასთან, CFD აუქციონთან დაკავშირებით. მეორე გამოწვევად კომუნიკაციის პრობლემა დასახელდა, კერძოდ კომუნიკაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან იმ ტერიტორიებზე, სადაც განახლებადი ელექტროენერგიის სადგურები შენდება. გამოწვევებია საგანმანათლებლო და ბიუროკრატიული ნაწილებიც”, - ამბობს მაია მელიქიძე და დასძენს, რომ “მზის ასოციაციისათვის” (რომელიც GREDA-ს წევრია) პრიორიტეტული მიმართულებაა ასევე ნეტო აღრიცხვის პროგრამა.
GREDA-ს აღმასრულებელი დირექტორი აღნიშნავს, რომ ამ მიმართულებებით აქტიური მუშაობა, მათ შორის სახელმწიფოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს, თუმცა ასოციაციის სურვილია, დრო უფრო ეფექტურად იყოს გამოყენებული.