მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"საშუალო ხარისხის თხილის საექსპორტო ფასი 2,5 დოლარამდეა" - მეთხილეთა კავშირი

619ce621c2d8a
ინგა მურუსიძე
23.11.21 20:30
1635
მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან 21 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან 13.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 63.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აღსანიშნია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.6 ათასი ტონით (34%), ხოლო ღირებულება - 6.8 მლნ დოლარით (12%) გაიზარდა.

მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ შეროზია BM.GE-სთან საუბარში აცხადებს, რომ წელს თხილის საკმაოდ კარგი მოსავალი იყო, რაც ექსპორტზეც დადებითად აისახა. 

„წელს თხილი ექსპორტზე გავიდა ჩინეთში, რომელიც აუთვისებელი ბაზარია, ასევე მცირე აზიის ქვეყნებშიც, თუმცა მთავარი მაინც ევროპის ბაზარია, სადაც საკონდიტრო ნაწარმისთვის იყენებენ ქართულ თხილს; მათ შორის იტალიაა, სადაც წელს ნაკლები მოსავალი იყო და თან დარწმუნდნენ, რომ ქართული თხილის ხარისხი კარგია“, - ამბობს შეროზია.

გარდა ამისა, ფერმერის თქმით, ქართული თხილის ექსპორტს მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რის გამოც ქართული პროდუქტი უფრო კონკურენტულია, ვიდრე - თურქული.

რაც შეეხება ფასს, შეროზიას განცხადებით, წელს საშუალო ხარისხის თხილის საექსპორტო ფასი 2,5 დოლარამდეა, ხოლო პრემიუმ-ხარისხის თხილი შედარებით ძვირია.

„რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ვითარება ძალიან გაუმჯობესდა. თუ ადრე ქართულ თხილს იმიტომ ყიდულობდა ადამიანი, რომ იაფი ღირდა, ხოლო ხარისხი თურქულს უკეთესი ჰქონდა, ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა და ქართული და თურქული თხილის ფასი ხარისხთან ერთად გათანაბრდა; მოქალაქეებიც დარწმუნდნენ, რომ ქართული თხილი შესაბამისი ხარისხისაა. საშუალოდ თხილის ფასი ხარისხის მიხედვით, 3-დან 9.5 ლარამდე მერყეობს“, - ამბობს ის და იქვე აღნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით მოსავლის ხარისხი გაუმჯობესდა, რადგან ფერმერებმა ფაროსანასთან ბრძოლა ისწავლეს და თხილის ბაღებსაც უფრო კარგად უვლიან.

„წელს კლიმატური პირობები თხილისთვის იდეალური იყო, საჭირო დროს მოვიდა ნალექი, თუმცა მოსავლის აღების დროს იყო უხვი ნალექი, რამაც მუშახელზე მოთხოვნა გაზარდა. რაოდენობის კუთხით, შარშანდელთან შედარებით საკმაოდ სერიოზული ნახტომი გვქონდა, თუმცა საუბარი მაქვს იმაზე, რაც მოსხმული იყო და არა იმ კუთხით, რა მოსავალიც აიღო ფერმერმა. წელს რამდენი თხილიც დაიკარგა ანუ ბაღებში ჩარჩა, მსგავსი დანაკარგი ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის შემდეგ არ მახსოვს. რამდენიმე პრობლემა იყო, ცუდი ამინდი, ფაროსანა, მუშახელის დეფიციტის გამო ვერაღებული მოსავალი და ა.შ.“, - ამბობს ოთარ შეროზია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები