სასტუმროების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაბალი მოთხოვნის გამო მათ სასტუმროების ფასების შემცირება მოუწიათ. მათი თქმით, ფასები სეზონების მიხედვით განსხვავებული იყო, თუმცა 2019 წლის ფასებს მკვეთრად ჩამორჩებოდა.
სასტუმრო “კოსტეს” დამფუძნებელი თამარ ბაღდავაძე აცხადებს, რომ 2023 წელი სასტუმროებისთვის ფასების თვალსაზრისით აღდგენის წელი უნდა იყოს, თუმცა ამისთვის მისი თქმით, აუცილებელია ვაქცინაციის მაჩვენებლის ზრდა, რაც ტურისტების რაოდენობას გაზრდის და სასტუმროებში დატვირთულობაც გაიზრდება. შესაბამისად, ბაღდავაძე აცხადებს, რომ მოთხოვნის ზრდას მოყვება ფასების ძველ ნიშნულებზე დაბრუნებაც.
“2021 წლის ზაფხულის სეზონზე 2019 წელთან შედარებით სასტუმროებს ფასების 30%-ით შემცირება მოუწიათ. შემოდგომაზე ფასებმა 10%-ით მოიმატა, რადგან ვეღარ გაუძლო სექტორმა ინფლაციის წნეხს. დღეს სასტუმროები ცდილობენ, 2019 წელთან შედარებით 20%-ით დაბალი ფასები შეინარჩუნონ. 2022 წელს ვფიქრობ, რომ 2019 წელთან შედარებით ისევ 20%-ით ნაკლები ფასები იქნება ბაზარზე. 2023 წლიდან ვფიქრობთ, რომ უკეთესი სურათი იქნება, თუმცა კიდევ ერთი წელი რომ გადავაგოროთ ძალიან რთულია, იმიტომ რომ თითქმის სამი წელია ამ მდგომარეობაში ვართ, ძალიან გვიჭირს თავის გადარჩენა. რეგიონების სასტუმროებს უკეთესი მდგომარეობა აქვთ, მაგრამ თბილისში ძალიან ცუდი სურათია.”-განაცხადა სასტუმრო “კოსტეს” დამფუძნებელი თამარ ბაღდავაძე.