მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სახელმწიფოებმა ხელოვნური ინტელექტი უნდა დაარეგულირონ” - ნიკოლაი ტანგენი

6450c5cc6671d
გიორგი არონია
02.05.23 23:30
601

მსოფლიოს უმსხვილესი სუვერენული სიმდიდრის ფონდის ხელმძღვანელის, ნიკოლაი ტანგენის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი სახელმწიფოებმა აუცილებლად უნდა დაარეგულირონ, თანაც რაც შეიძლება სწრაფად, - ამის შესახებ მან Financial Times-თან საუბრისას განაცხადა. ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდი, რომელიც $1.4 ტრილიონის აქტივებს ფლობს, ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან ძალიან მჭიდროდაა დაკავშირებული, რადგან ფონდი ამ მიმართულებით მომუშავე არაერთი კომპანიის წილს ფლობს, მათ შორისაა - Apple-ი, Alphabet-ი, Nvidia და Microsoft-ი.

როგორც ნიკოლაი ტანგენმა აღნიშნა, ნორვეგიის სიმდიდრის ფონდი ხელოვნური ინტელექტის ეთიკური განვითარების საკუთარ შიდა წესებზე მუშაობს, რომლებიც აგვისტოში გასაჯაროვდება. წესების გამოქვეყნების შემდეგ, ხელოვნურ ინტელექტში ინვესტირების პრაქტიკას ფონდი მდგრადი და პასუხისმგებლობიანი ინვესტირების ჩარჩოში მოაქცევს. პარალელურად ამისა, ხელოვნური ინტელექტის რეგულირებაზე მუშაობენ სახელმწიფოებიც - ამ მიმართულებით გამოსარჩევია ევროკავშირი, რომელიც დღეს არსებულ ყველაზე რთულ და ყოვლისმომცველ რეგულაციაზე მუშაობს.

აქვე გეტყვით, რომ რეგულირების მოთხოვნასთან ერთად, ნორვეგიის სუვერენული სიმდიდრის ფონდი ხელოვნურ ინტელექტს არ ეწინააღმდეგება და პირიქით, ყოველდღიურ საქმიანობაში მას ყოველდღიურად იყენებს. საქმე ისაა, რომ მსოფლიოს უმსხვილესი სუვერენული სიმდიდრის ფონდი წელიწადში 36 მილიონ გარიგებას აწარმოებს და ნიკოლაი ტანგენს სჯერა, რომ ხელოვნურ ინტელექტს ამ პროცესის ეფექტიანობის გაზრდა შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები