თუ ჩვენ გვიყვარს სამშობლო, გვინდა მისი წინსვლა, მნიშვნელოვანია საყვედურების გარეშე ვიმუშაოთ და დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, თუ რამდენად საჭიროა ვაქცინაციის პროცესი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ჯანმოსთვის წარდგენილი კალენდრით, 15 მარტიდან პირველ 2 თვეში უნდა აგვეცრა 300 ათასი მოქალაქე. ვაქცინაციის დაწყებიდან 2 თვის შემდეგ გავზარდეთ ხელმისაწვდომობა და ნიშნული 800 ათასს მიუახლოვდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ თვენახევარში მოვახდინეთ კალენდრის მაქსიმალური გახსნა, რათა ყველა მსურველს მიეღო ვაქცინა. გუშინ გადავწყვიტეთ და გავზარდეთ ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
კალენდრულ კომპონენტში არ არსებობს არანაირი შეფერხება, რომელიც ხელს უშლის ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციაზე, თუმცა მნიშვნელოვანია სწორი კომუნიკაცია და ჯანდაცვის სამინისტრო ამ მიმართულებით მუშაობს“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
მისივე თქმით, კორონავირუსი ეროვნული გამოწვევაა და მნიშვნელოვანია ამ გამოწვევის დაძლევაში ყველა ჩაერთოს.
„მნიშვნელობა არ აქვს ვინ რომელ გეოგრაფიულ არეალში ვოპერირებთ, ან რა პოლიტიკური შეხედულებები გვაქვს. თუ ჩვენ გვიყვარს სამშობლო, გვინდა მისი წინსვლა, მნიშვნელოვანია ამ კომპონენტში მაინც შევძლოთ და საყვედურების გარეშე ვიმუშაოთ, დავარწმუნოთ ჩვენი მოქალაქეები, თუ რამდენად საიმედო და საჭიროა ვაქცინაციის პროცესი“, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, რამდენად შეასრულებს საქართველო გეგმას და წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ს აცრის, ტიკარაძე პასუხობს:
„დიდი იმედი მაქვს, რომ შევასრულებთ. დღიური ვაქცინაციის მოლოდინი იყო 3000, გვქონდა ვარდნა, თუმცა დღეისთვის 1700-მდე ვაქცინირებული გვყავს და იმედია, ეს მაჩვენებელი გაიზრდება“.




























