TBC ბანკის გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ 2020 წლის უმთავრესი გამოწვევებისა და მომდევნო წლის მოლოდინების შესახებ გადაცემა “საქმიან დილაში” ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წლის განმავლობაში, როგორც ეროვნულმა ბანკმა, ასევე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მაქსიმალურად ფრთხილი ნაბიჯები უნდა გადადგან, რადგან არსებულ ვითარებაში “შეცდომის საშუალება არ არსებობს.”
“2021 წელი ალბათ საკმაოდ რთული იქნება. პრემიერსაც ვუყურე პარლამენტში გამოსვლისას. ალბათ შეიძლება ითქვას მთავრობამ, ეროვნულ ბანკმა ბეწვის ხიდზე უნდა გაიარონ, რადგან ახლა შეცდომების საშუალება არ არსებობს. მოგეხსენებათ, რომ ბიუჯეტი საკმაოდ დეფიციტური იქნება. 7%-ზე მეტი იქნება დეფიციტი. საჭირო იქნება ერთის მხრივ სოციალური პროექტების განხორციელება, მეორეს მხრივ ისევ საჭირო იქნება გაგრძელდეს ისევ იმ მოცულობით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რომელიც ერთის მხრივ დასაქმებას და მეორეს მხრივ ეკონომიკის ზრდას შეუწყობს ხელს. მნიშვნელოვანი იქნება მიზნობრივი მაჩვენებლის გარშემო იყოს ინფლაცია და ამავე დროს იყოს გაცვლითი კურსის სტაბილურობა.
თავის მხრივ “თიბისი ბანკის” გეგმებთან დაკავშირებით ბუცხრიკიძე ამბობს, რომ 2021 წლის პირველ ნახევარში ბანკი კორონავირუსის გავრცელების გამო კვლავ სირთულეებს მოელის, წლის მეორე ნახევრიდან კი ეკონომიკის გააქტიურებას პროგნოზირებს. შესაბამისად, “თიბისი” წლის პირველ ნახევარში უფრო მეტ დროს დაუთმობს იმ ბიზნესებთან და ფიზიკურ პირებთან მუშაობას, რომელთაც კრიზისის პერიოდში მნიშვნელოვანი სირთულეები შეექმნა.
“2021 წლის პირველ ნახევარში, როდესაც კვლავ COVID-ი და კრიზისული სიტუაცია იქნება ქვეყანაში, ჩვენ ამ პერიოდში მაქსიმალურად მჭიდრო თანამშრომლობას გავაგრძელებთ იმ ბიზნესებთან და ფიზიკურ პირებთან, რომელთაც COVID-ის გამო პრობლემები შეექმნათ. ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ამ მიმართულებით, რათა COVID-ის შემდეგ ბიზნესების გაგრძელება შეძლონ. ამასთან ერთად ჩვენ ვაგრძელებთ დიდი გრძელვადიანი პროექტების დაფინანსებას. ვგულისხმობ დიდ და პატარა ჰიდროელექტროსადგურებს.
რაც შეეხება 2021 წლის მეორე ნახევრიდან გვაქვს ამბიცია, რომ უფრო აქტიურები გავხდეთ და ჩვენს პარტნიორებთან ერთად ხელი შევუწყოთ ეკონომიკის უფრო სწრაფ ზრდას,”- ამბობს ვახტანგ ბუცხრიკიძე.




























