შრომის ინსპექციამ ეკონომიკის გახსნისთვის 10 000-ზე მეტი კომპანია შეამოწმა, - ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ბექა ფერაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეკონომიკის გახსნის პროცესი მიმდინარეობს და ძალიან მნიშვნელოვანი, რაც ამ პერიოდში განხორციელდა, სწორედ კომპანიების შემოწმება იყო.
„საგანგებო მდგომარეობის დროს, ფაქტობრივად, 10 000-ზე მეტი კომპანია შემოწმდა ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის მხრიდან. დღეის მდგომარეობით, გაიხსნა ყველა ტიპის სარესტორნო მომსახურეობა, ეს არის დახურული ტიპის რესტორნები, მათთვის შემოღებულია გაიდლაინები, თუ როგორ უნდა მოხდეს მუშაობის განხორციელება. სადეზინფექციო სამუშაოები არის მოთხოვნილი დიდი რაოდენობით, ასევე, სამზარეულოს მიმართ არის დადგენილი მოთხოვნები, რაც პრევენციას უზრუნვეყოლფს. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა სასტუმრო სექტორს. როგორც იცით, სასტუმრო იხსნება გარკვეული დათქმით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი მოახდენს მათ შემოწმებას და დადებს დადებით დასკვნას. სასტუმროებს აქვთ კიდევ ერთკვირიანი ვადა, რომ დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე, მოითხოვონ ინსპექტირების ჩატარება და შრომის ინსპექცია სრულიად უფასოდ მივა და შეამოწმებს“, - განაცხადა ფერაძემ.



























