საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის ნინო ზამბახიძის თქმით, საქართველოში სოფლის მეურნეობის სექტორის მთავარი პრობლემა რუსეთის ბაზარზე დამოკიდებულებაა. მისივე თქმით, მართალია ევროკავშირის ბაზარზე შესვლა ძალიან დიდი შესაძლებლობაა, მაგრამ ამავდროულად გამოწვევად რჩება, რადგან ფერმერებს ხარისხის ნაწილში პრობლემები აქვთ.
“ხარისხის დაკმაყოფილების კუთხით, ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივი სტანდარტი "გეოგაპი" გვაქვს შემუშავებული, რომელიც "გლობალგაპთან" თანხვედრაში მოდის. შესაბამისად, თუ იქნება სტანდარტი, ასევე ლაბორატორიული დასკვნა, რომელიც აკრედიტებულია მსოფლიოს სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ და ამავდროულად, იქნება სატელიტური მართვის სისტემა, რომელიც სოფლის მეურნეობის სექტორში ჩართულ ადამიანებს დაეხმარება ხარისხიანი პროდუქციის მიღებასა და ევროკავშირის სტანდარტის დაკმაყოფილებაში, მაშინ ეტაპობრივად შემცირდება რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის რაოდენობაც და უმეტესობა ევროკავშირში გაიყიდება,” - ამბობს ნინო ზამბახიძე.
მან ასევე BMG-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ამ პროცესებში მნიშვნელოვანია სახელმწიფოს ჩართულობაც, იმისათვის, რომ ფერმერებმა თავიანთი პროდუქტი ევროკავშირში უფრო აქტიურად გაიტანონ და მარკეტინგული ხარჯებიც გაიღონ.




























