მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"სოლო მოგზაურისთვის საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანაა" - Turebi.ge

61f93f3f79dbd
მარიამ ადამია
07.02.22 23:41
707

გამოცემამ Usebounce სოლო მოგზაურობისთვის ყველაზე უსაფრთხო ქვეყნები დაასახელა. კვლევისას მათ ისეთი კრიტერიუმები გაითვალისწინეს, როგორებიცაა გასართობი და კვების ობიექტების რაოდენობა, კრიმინალის დონე, ფასები. შესაბამისად, ქვეყნები 0-დან 10 ქულამდე შეფასდა. ხოლო საქართველო, აღნიშნულ რეიტინგში, იტალიასთან ერთად მე-13 პოზიციაზეა. რამდენად უსაფრთხოა საქართველო სოლო მოგზაურებისთვის? - ეს კითხვა BMG-მ Turebi.ge-ის დირექტორს, ნიკა გოგოლაძეს დაუსვა.

“საქართველოში კრიმინალის დონე შედარებით მაღალია, თუმცა მაინც ზოგადი სტატისტიკით, უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი გვერგო და მე-13 პოზიცია დავიკავეთ, რაც რეალურად კარგი მაჩვენებელია და წარმოიდგინეთ რამდენად წინ ვიქნებოდით, საქართველოს სწორი მარკეტინგული კამპანია რომ ჰქონდეს დაგეგმილი?! ანუ ადამიანებს, სოლო მოგზაურობის მსურველებს, რომ მივაწოდოთ კონკრეტული და მათთვის საჭირო ინფორმაცია ქვეყანაში არსებული თავგადასავლების, ემოციებისა და იმ შეგრძნებების შესახებ, რისი დაგროვებაც მათ სურთ და თან შესაძლებელია საქართველოში. მეტი კონკრეტიკა გვჭირდება და არა მასაზე გათვლილი სარეკლამო რგოლები და სტატიები,” - ამის შესახებ ნიკა გოგოლაძემ "საქმიან დილაში" ისაუბრა.

მისი თქმით, სოლო მოგზაურისთვის, საქართველო ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან პატარა ქვეყანაა.

“დღეს ტურიზმის სექტორში სულ სხვა მოთხოვნა გაჩნდა და ადამიანები მეტად ორიენტირებული არიან თავგადასავლებზე, ვიდრე ძვირად ღირებულ ტურებზე. მაგალითად, NYT-ის კვლევის მიხედვით, მსოფლიოში 100%-ით არის გაზრდილი მოთხოვნა სოლო მოგზაურობაზე, ხოლო Booking.com-ზე დაყრდნობით, 2021-ში 14%-იანი მატება იყო ტურიზმის ამ მიმართულებაზე, რომელიც წინასწარი პროგნოზებით, კიდევ უფრო გაიზრდება. შესაბამისად, სწორედ სოლო მოგზაურობას, სათავგადასავლო ტურებსა და ჩვენს ავთენტურ ბუნებას უნდა ვუსვამდეთ ხაზს მარკეტინგულ კამპანიებში, ვაწესრიგებდეთ აღნიშნული მიმართულებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურას და სერვისს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მუდმივად გვპირდება რომ გააკეთებს და მოაგვარებს არსებულ პრობლემებს, მაგრამ კონკრეტიკას და ქმედით ნაბიჯებს წლებია ვერ ვხედავთ,” - განაცხადა Turebi.ge- ის დირექტორმა.


ინფორმაციისთვის, Usebounce-ის რეიტინგში პირველი ადგილი ისლანდიამ 7.29 ქულით დაიკავა. ქვეყანას ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უსაფრთხოების კუთხით აქვს, რადგან ისლანდიაში დანაშაული ძალიან იშვიათად ხდება. მე-2 ადგილი დაიკავა მალტამ 6.34 ქულით. გამოცემა წერს, რომ მალტის მზიანი და ქვიშიანი სანაპიროები ტურისტების საყვარელი მიმართულებაა. ტურისტული ობიექტების სიმრავლესთან ერთად მალტაში კრიმინალის დონე საკმაოდ დაბალია. რეიტინგში მე-3 ადგილზეა - პორტუგალია 6.21 ქულით, მე-4-ზე ხორვატია 6.20 ქულით, მე-5-ზე კი ესპანეთი 5.88 ქულით. ათეულში ასევე შედიან: ბელიზი - 5.88 ქულით; მონტენეგრო - 5.82 ქულით; იაპონია - 5.67 ქულით; სლოვენია - 5.58 ქულით და ირლანდია - 5.48 ქულით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები