მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტენდერს ერთ ფასში იგებ, ხოლო 2-3 თვეში ფასები საგრძნობლად იცვლება" - “ბალავარის” დამფუძნებელი

6269713e60e45
ლიკა გურაბანიძე
01.05.22 22:14
2665
ბიზნესის განწყობა მეორე კვარტალისთვის გაუარესებულია. ISET-ის კვლევის მიხედვით, ბიზნესის განწყობის ინდექსი 2.2 პუნქტით შემცირდა და 15.1-ს გაუტოლდა. ყველაზე დიდი გაუარესება მშენებლობის (-29.7), ასევე საბითუმო და საცალო ვაჭრობის (-7.6) სექტორებშია, რაც გაუარესებული მიმდინარე მდგომარეობით არის განპირობებული.

როგორც BMG-სთან „ბალავარის“ დამფუძნებელმა ბესო თავბერიძემ განაცხადა, სამშენებლო სექტორში უარყოფითი მოლოდინები, საერთაშორისო ბაზრებზე იმპორტირებულ მასალებზე ფასების ზრდამ და ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ფასის მატებამ გამოიწვია.

“გაძვირებული ფასები ჩვენს შემდგომ ნაბიჯებს არაპროგნოზირებადს ხდის. ფასების მატების გამო, ღირებულების ზრდა ჩვენს ბინებზეც გვიწევს. თუ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საბურთალოზე ბინის 1 კვ/მ ფასი 850$ იყო, ახლა 990$ გახდა, ხოლო გლდანში 600$ ღირდა, ახლა მისი ღირებუელბა 750$-ია. ჩინეთიდან ლოგისტიკა 3-4-ჯერ გაძვრიდა, გაძვირებულია საწვავზე ფასებიც. პრობლემაა ის, რომ ტენდერს ერთ ფასში იგებ, ხოლო 2-3 თვეში ფასები საგრძნობლად იცვლება.

ეს ვითარება რუსეთ-უკრაინის ომმა გამოიწვია, რამაც მსოფლიო ბაზრებზე ფასები გაზარდა. მოგებას აღარავინ ეძებს მხოლოდ პროექტების დასრულებაზეა საუბარი. შესაბამისად, ინდექსაცია ჩვენტვის მნიშვნელოვანი საკითხია”, - აღნიშნა თავბერიძემ.

შეგახსენებთ, რომ გაძვირებული სამშენებლო მასალების ფონზე მთავრობა სახელმწიფო ტენდერებში მონაწილე ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ინდექსაციის სისტემის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ, ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, თუმცა მინისტრს კონკრეტული დრო არ დაუსახელებია. ინდექსაციის არსი მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფომ სამშენებლო მასალის ფასების ცვლილება დააკომპენსიროს და შესაბამისად, გაზარდოს/ან შეამციროს პროექტის განსახორციელებლად ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა. აღსანიშნია, რომ კერძო სექტორი ჯერ კიდევ პანდემიის დროს შექმნილი კრიზისიდან მოყოლებული  ინდექსირებას ითხოვს. ბოლო პერიოდში ეს საკითხი რეგიონში მიმდინარე ომმა გააქტიურა, რადგან მასალების თვითღირებულება ზოგიერთ შემთხვევაში 50-70%-ით გაიზარდა, ინდექსაციის მოდელის ამოქმედების გარეშე კი ბიზნესი ამბობს, რომ პროექტები ვერ შესრულდება.

კერძო სექტორი მთავრობის შესაბამისი განკარგულების გამოცემას რამდენიმე დღეში ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები