მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თქვენ მომპარეთ კანონი" - რომან გოცირიძე ფინანსთა მინისტრს მიმართავს

60c35c60362dd
ინგა მურუსიძე
11.06.21 17:10
745
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი რომან გოცირიძე ირწმუნება, რომ ფინანსთა სამინისტრომ კანონპროექტი მოპარა და პარლამენტში წარადგინა. განცხადება გოცირიძემ პარლამენტში გააკეთა, სადაც ამ წუთებში დეპუტატებს უსმენენ.

„ბატონო ლაშა, მინდა შეგახსენოთ დაახლოებით წელიწადნახევრის წინ თქვენს მიერ გამოგზავნილი წერილი ერთ-ერთ საკანონმდებლო ინიციატივასთან მიმართებით. მცირე ბიზნესისთვის მინდოდა შეღავათი დამეწესებინა და თქვენ მომწერეთ, რომ ეს საშინლად დაანგრევდა ჩვენს ისედაც მწირ ბიუჯეტს. ეს ეხებოდა 100 000-ის ნაცვლად, 200 ათას ლარამდე მცირე ბიზნესის გათავისუფლებას გადასახადებისგან.

თუ გინდათ მოგიტანთ თქვენს წერილს. გავიდა სამი თვე, მომპარეთ კანონი, შემოიტანეთ უკან და 200 ათასის ნაცვლად 500 000-მდე გაათავისუფლეთ ბიზნესი. დაუწესეთ 1%-იანი გადასახადი და ამით გააკეთეთ კარგი საქმე. გპირდებით, ბევრ კანონს დავდებთ, მოიპარეთ და ღმერთმა სიკეთეში მოახმაროს ქართველ ხალხს. მაგრამ 1% კი არ არის გადასახადი ამ ადამიანებისთვის, არამედ 19%.

ჩემი კანონის მეორე ნაწილი დაგავიწყდათ. 100 ათას ლარამდე დღგ-სგან თავისუფალია ბიზნესი 15 წლის წინ მიღებული კანონით. რამდენი დოლარი იყო მაშინ? რამდენის ყიდვა შეიძლება დღეს 100 ათასით და რამდენის მაშინ? ჩამოდნა 100 ათასი და დღგ რომ ყოფილიყო თუნდაც 200 ათას ლარამდე გათავისუფლებული, მაშინ რაღაც კატეგორიის ადამიანებს მართლაც 1%-იანი დაბეგვრა მოუწევდათ ბრუნვიდან. დღეს 100 ათასიდან 400 ათასამდე 19%-ს იხდის მცირე მეწარმე. აპირებთ თუ არა ამ შეცდომის გამოსწორებას?“, - მიმართა რომან გოცირიძემ ლაშა ხუციშვილს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები