მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"თუ აუდიოჩანაწერი ავთენტურია, შესაძლოა, ბუნდოვანი გახდეს ჩვენი ქვეყნის მომავალი" - დეპუტატი

6267c82ab297e
მარიამ ვარადაშვილი
26.04.22 14:25
869
პარლამენტის წევრი მიხეილ დაუშვილი მიიჩნევს, რომ თუ გავრცელებული ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი და რუსი მილიარდერი ვლადიმერ ევტუშენკოვი საუბრობენ, ავთენტურია, მაშინ ქვეყანა საფრთხეშია.

პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დაუშვილმა ასევე თქვა, რომ საერთაშორისოდ სანქცირებულ პირთან საქართველოს პრემიერის შეხვედრა ქვეყნის მომავლისთვის უდიდესი საფრთხეა.

საქმე ის არის, რომ გუშინ, Youtube-ზე გავრცელდა ვიდეო, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არაა; ვიდეოში თითქოსდა რუსი ოლიგარქი, AFK Sistema-ს დამფუძნებელი ვლადიმერ ევტუშენკოვი, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილს ესაუბრება. ჩანაწერი, სავარაუდოდ, მარტით თარიღდება და მასში ევტუშენკოვი "ქართული ოცნების" დამფუძნებელს მისი კომპანიის წარმომადგენელთან “по поводу зерна” (მარცვლეულის საკითხზე) შეხვედრას სთხოვს, ბიძინა ივანიშვილი კი პასუხობს, რომ ამ პირს ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდება.

“ცალსახად მინდა ვთქვა, რომ თუ ეს ჩანაწერი ავთენტურია, მაშინ უმძიმეს რეალობასთან გვაქვს საქმე და შესაძლოა ბუნდოვანი გახდეს ჩვენი ქვეყნის მომავალი. ჩანაწერიდან ჩანს, [თუ ის ნამდვილია] რომ ტყუილია თითქოს ბატონი ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა. პირიქით, არათუ წავიდა, როგორც ჩანს, მთლიანად მართავს პოლიტიკურ პროცესებს და ირაკლი ღარიბაშვილს შეხვედრებს უნიშნავს. ჩანაწერიდან ასევე ჩანს, რომ ბატონი ივანიშვილი საერთაშორისოდ სანქცირებულ პირს ესაუბრება, სავარაუდოდ, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების თავის არიდების საკითხზე და შეხვედრებსაც კი უგეგმავს ვითომ პრემიერ-მინისტრთან. ჩანაწერიდან ასევე ჩანს, რომ სამწუხაროდ, პრემიერ-მინისტრი პრემიერი კი არა ჯერ კიდევ თანაშემწეა და ასრულებს ივანიშვილის დავალებებს, ხვდება სანქირებულ პირებს, რითაც უდიდეს საფრთხეს უქმნის ქვეყანა და ჩვენს მომავალს”, - ამბობს დაუშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები