თუ მსხვილი მობილური კომპანიები ტენდერში მართლა წაგებაზე მუშაობენ, მაშინ მათი მიზანი ერთია - კონკურენტების მოკვლა - ამის შესახებ “მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელმა დირექტორმა უჩა სეთურმა “საქმიანი დილის” ეთერში განაცხადა.
საუბარია სახელმწიფო უწყებებისთვის მობილური მომსახურების მიწოდების ტენდერზე, რომელიც მესამე წელია აღარ ცხადდება. მიზეზი კომუნიკაციების კომისიის კვლევაა, რომელსაც ეჭვი აქვს, რომ “მაგთიკომი”, “სილქნეტი” და “ბილაინი” შესაძლოა საჯარო უწყებებს დაბალ ფასად ემსახურებოდნენ, სამაგიეროდ სხვა მომხმარებლებს ძვირს ახდევინებდნენ. 2018 წელს კომუნიკაციების კომისიამ აღმოაჩინა, რომ სახელმწიფო უწყებებისთვის მობილური მომსახურების მიწოდების ტენდერში მაგთისა და სილქნეტს 32 და 7.7 მილიონი ლარის ზარალი ჰქონდათ.
უჩა სეთურის თქმით, სანამ კომისია შესაბამის დასკვნას არ გამოაქვეყნებს, დადასტურებულად ვერ ვიტყვით, რომ მსხვილი კომპანიები ფასებს 2018 წლის შემდეგაც ასუბსიდირებდნენ: დაბალ ფასებს სთავაზობენ საჯარო უწყებებს, დანარჩენ მოხმარებლებს კი სწორედ ამის გამო უფრო ძვირს ახდევინებენ.
“თუ ვსაუბრობთ, რომ მსხვილი კომპანიები ტარიფებს ასუბდისირებნენ ე.ი. მათ ჰქონდათ კიდეც შესაბამისი წყარო. სწორედ ეს წყაროა სანახავი: ეს შეიძლება იყოს ან სხვა საცალო სეგმენტზე არსებული ტარიფები ან საბითუმო ტარიფები. სხვა შემოსვლები კომპანიებს უბრალოდ არ აქვთ.
მოდი გავიაროთ: ამ პერიოდის(2018-2022 წლების) განმავლობაში ბაზარზე დადგინდა კომუნიკაციების კომისიის მიერ საკმაოდ მკაცრად დარეგულირებული საბითუმო ტარიფები და მივიღეთ დაპირება კომუნიკაციების კომისიისგან, რომ კიდევ დაარეგულირებენ საბითუმო ბაზარს, შესაბამისად, თუ იქ რამე ზე-მოგებაზეა საუბარი, მიუახლოვდება რეალურ მაჩვენებელს…
თუ მე, მსხვილი ოპერატორი, მივდივარ თვითმკვლელობაზე და სერვისებს ვყიდი დაბალ ფასად, ესეიგი რესურსი მაქვს გადანახული, რომ ეს სერვისები დავაფინანსო. საბოლოოდ, ჩემი მიზანი ალბათ არის, კონკურენტების მოკვლა”,- აცხადებს უჩა სეთური.