მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ტურიზმის აღდგენის ტემპში განსაკუთრებული არაფერია" - კახა სამყურაშვილი

62d1af5255cf3
ალა ისპირიანი
16.07.22 21:29
1115
Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსის კახა სამყურაშვილის შეფასებით, საქართველოში „ტურიზმის აღდგენის ტემპში განსაკუთრებული არაფერია“.

როგორც მან Bm.ge-სთან განაცხადა, პანდემიის შემდეგ ადამიანებს მოგზაურობა მოენატრათ, რის გამოც ტურისტული ნაკადების ზრდა ყველა ქვეყანაში შეიმჩნევა.

„მნიშვნელოვანია შევხედოთ, როგორ მიდის აღდგენა სხვა ტურისტულ ქვეყნებშიც. ამ შემთხვევაში იმ ქვეყნების რიცხვებია ხელმისაწვდომი, რომლებიც ძალიან მსხვილი ტურისტული ბაზრებია, მაგალითად თურქეთი, ესპანეთი, იტალია და საფრანგეთი. ამ ეტაპზე, რაც ყველას ყურში გვხვდება ისაა, რომ აეროპორტები დიდი შეფერხებებით მუშაობენ. გარდა იმისა, რომ მათ კადრების ნაკლებობა აქვთ, ასევე არის ტურისტების ძალიან დიდი ნაკადები, რაც ერთ-ერთი მიზეზია მათი შეფერხებით მუშაობისა. მაგალითად, ამ ქვეყნებში, რაც ჩამოვთვალე აღდგენის დინამიკა უკეთესია, ვიდრე ჩვენს შემთხვევაში. ომმა ჩვენს რეგიონს მომატებული საფრთხის ფაქტორი შეუქმნა და ეს, რომ არ ყოფილიყო, აქაც მეტად აღდგენა იქნებოდა შესაძლებელი. ჩვენ შემთხვევაში რამე განსაკუთრებული არ ხდება. ადამიანები მონატრებულები არიან მოგზაურობას და ეს გადატვირთულ აეროპორტებშიც აისახება. ყველა ცდილობს სადღაც წავიდეს, რის გამოც ყველა ქვეყანაში დიდი ტურისტული ტალღაა,“ - განაცხადა მან.

ინფორმაციისთვის, 2022 წლის პირველ ნახევარში საქართველოში, 1.43 მილიონი ვიზიტორი იმყოფებოდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ტურისტული ნაკადი პანდემიამდელ პერიოდის 44%-ზე აღდგა, თუმცა ბევრად უფრო მაღალ ნიშნულზეა ტურიზმის შემოსავლების აღდგენა, რადგანაც ამავე პერიოდში ქვეყანამ 1.14 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც პანდემიამდელი პერიოდის 78%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები