მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თხილის სუბსიდირება ფერმერებში ნიჰილიზმს შეამცირებს"

63628350740f7
მარიამ იზორია
05.11.22 11:00
1318
პრემიერ-მინისტრმა თხილის სუბსიდირება დააანონსა. როგორც ორშაბათის მთავრობის სხდომაზე გახდა ცნობილი, პროგრამისთვის პირველ ეტაპზე 20 მილიონი ლარი გამოიყოფა. სოფლის მეურნეობის მინისტრმა ამ გადაწყვეტილების მიღება ორი გარემოებით ახსნა, პირველი - ქვეყნის შიგნით 2022 წელს არსებული კლიმატური პირობებით, თხილის მოსავლიანობისა და ხარისხის შემცირებით და მეორე - საერთაშორისო ბაზრებზე ევროსა და დოლარის გაუფასურების ფონზე, თხილზე მოთხოვნისა და ფასის შემცირებით.

თხილის წარმოებაში სუბსიდირების პროგრამას სექტორის წარმომადგენლები აფასებენ და მიიჩნევენ, რომ დახმარების მექანიზმი საჭირო და დროული იყო.

თხილის გადამმუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი BMG-სთან აღნიშნავს, რომ წელს განსაკუთრებით დაბალი ხარისხის მოსავალი იყო, შესაბამისად სუბსიდირების აუცილებლობაც ამან განაპირობა. მისივე შეფასებით, ქვეყანაში ფაროსანას კრიზისის შემდგომ ასეთი ცუდი მოსავალი არ ჰქონიათ.

“სეზონის დასაწყისში მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ თუ რა უნდა გაკეთებულიყო იმისთვის, რომ თხილის სექტორში ფერმერებს დაბალი თხილის ფასები არ დასწოლოდათ. ერთ-ერთი არგუმენტი, რითაც შეიძლება დავხმარებოდით ფერმერებს, იმ პრეპარატების სუბსიდირებაა, რომელიც ხარისხიან მოსავალს განაპირობებს.

ვთვლი, წელს სუბსიდირება საჭირო იყო. ასეთი დაბალი ხარისხი ფაროსანას კრიზისის შემდეგ არ ყოფილა. მოვლის ხარჯები გასაყიდ ფასს აღემატებოდა, ფერმერები ნიჰილიზმში იყვნენ, ფიქრობდნენ, საერთოდ ღირდა თუ არა თხილის მოვლა, ვფიქრობ, ეს პროექტი ფერმერებში ნიჰილიზმს შეამცირებს. მოუვლელი ბაღის გამოსავლიანობა 22%-ია, მოვლილის კი დაახლოებით 40%. შესაბამისად სუბსიდირება მოსავლის მოცულობაზეც აისახება”, - განმარტავს ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან ქარდავა.

თხილის სუბსიდირების პროგრამა ეხმაურება თხილის ექსპორტიორი კომპანიების Georgian Products Renaissance-ის და “აგრითრეიდის” დამფუძნებელიც. ბაია სალუქვაძის თქმით, სუბსიდირების დახმარებით ფერმერები თხილის პლანტაციებს არ მიატოვებენ.

“წელს ფერმერებს თხილის დაბალ ფასად რეალიზაცია უწევთ. სუბსიდირება დიდი ხელშეწყობა იქნება, რათა ფერმერმა არ მიატოვოს ბაღი და მისი შეწამლა შეძლოს. ყველას უნდა ახსოვდეს, რომ თხილი არ არის ერთწლიანი კულტურა და თუ დღეს დარგში ცუდი სიტუაციაა, მომავალი წლიდან უკეთესი დრო დაგვიდგება” - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები