თბილისის მერიის მიერ აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მიზნით გამოცხადებული ტენდერი არ შედგა. აღნიშნულის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს აუქციონის გარეშე გამოცხადებული ტენდერის შედეგებით ირკვევა. დედაქალაქის მერიამ დიდუბის რაიონში წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების მიზნით 3 მონაკვეთზე ტენდერები გასული წლის 16 დეკემბერს გამოაცხადა, წინადადებების მიღება კი მიმდინარე წლის 1 იანვარს დაიწყო და 6 იანვარს უშედეგოდ დასრულდა.
როგორც თბილისის მერიაში bm.ge-ს უთხრეს, ელეტრონული ტენდერები გამოცხადდება განმეორებით, ბაზრის კვლევაში დაფიქსირებული შესაბამისი ღირებულების მიხედვით.
“თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თბილისის მერიამ ელექტრონული ტენდერების გამოცხადებამდე ჩაატარა ბაზრის კვლევა. ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო სამმა კომპანიამ.
ელექტრონული ტენდერები გამოცხადდა ბაზრის კვლევაში შემოთავაზებული მინიმალური შესყიდვის სავარაუდო ღირებულებით, თუმცა არცერთი ტენდერი არ შედგა.
უახლოეს მომავალში, ბაზრის კვლევის შედეგების საფუძველზე, ელექტრონული ტენდერები გამოცხადდება განმეორებით, ბაზრის კვლევაში დაფიქსირებული შესაბამისი ღირებულების მიხედვით“, - განმარტავენ მერიაში.