მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"უცხო ტროპიკულ ხილზე ინტერესი იმაზე დიდია, ვიდრე წელს პროდუქციას ველოდები" - მეურნეობა „ბაღჩა“

6471dfe63bb24
სალომე ხიდურელი
27.05.23 22:00
1273
კივანო, პეპინო, კასაბანანა, ფიზალისი - ეს იმ ტროპიკული ხილის ჩამონათვალია, რომლის რეალიზაციასაც მეურნეობა „ბაღჩა“ ზაფხულიდან დაიწყებს. ამის შესახებ BM.GE-ს მეურნეობის დამფუძნებელმა, ჯერი ძუარმა განუცხადა.

„რეალიზაცია ამ ზაფხულს უნდა დავიწყოთ და ამისთვის თითქმის ყველაფერი მზად მაქვს. მთავარი ის არის, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღო კომპანიებთან დაკავშირებით, ვისთან ვითანამშრომლო და ვისთან - არა. ჯერ ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუ სად გაიყიდება პროდუქცია“, - ამბობს ჯერი ძუარი.

კითხვაზე, რამდენად არის ქართულ ბაზარზე ტროპიკული ხილი მოთხოვნადი, მებაღე განმარტავს, რომ ინტერესი იმაზე მაღალია, ვიდრე მიწოდების შესაძლებლობა.

„ძალიან ბევრი ადამიანი მიკავშირდება, კომპანიებიც, რესტორნებიც. ინტერესი იმაზე დიდია, ვიდრე წელს პროდუქციას ველოდები. ამიტომ მომავალი წლისთვის უფრო სერიოზულად მომიწევს მომზადება, ამხელა მოთხოვნას არ ველოდი.

რაც შეეხება ფასებს, ჯერ ცნობილი არ არის. რადგან ტროპიკული ხილის 90% ბაზარზე არც არსებობს, გვიწევს, ჩვენ თვითონ განვსაზღვროთ საფასო კატეგორია, რაც საკმაოდ რთულია. მინდა აღვნიშნო, რომ იაფფასიანი პროდუქცია არ გვაქვს, ჩვენი ხილი იმაზე მაღალ კატეგორიას მიეკუთვნება, ვიდრე ქართულ ბაზარზე საშუალო ფასია, თუმცა ჩემი სურვილია, რაც შეიძლება დაბალ ფასად შევიტანოთ ბაზარზე“, - ამბობს „ბაღჩას“ დამფუძნებელი.

სირთულეებზე საუბრისას, ჯერი ძუარმა აღნიშნა, რომ თვითნასწავლი მებაღისათვის ზოგიერთი მცენარის შენარჩუნება დიდ ძალისხმევასთანაა დაკავშირებული.

„ნებისმიერი ადამიანი, ვინც ახალ საქმეს მოკიდებდა ხელს და ამდენ პრობლემას წააწყდებოდა, რამდენსაც მე, ალბათ, 90% თავს დაანებებდა. რადგან თვითნასწავლი ტროპიკული ხილის მებაღე ვარ, ბევრი ხილის ცხოვრების წესი არ ვიცი, როგორია. ბევრი ნერგი გამიფუჭდა, რაზეც დიდ იმედებს ვამყარებდი და რაშიც ფინანსური რესურსი მქონდა ჩადებული. ვფიქრობ, ჩემთვის ხელშეწყობა იქნებოდა ე.წ. Grow Box-ები, თუმცა მათ შესაძენად ფინანსები ნაკლებია.

მუდმივად ვეძებ ადამიანებს, კომპანიებს, ყველას, ვინც ჩემი ბაღით დაინტერესდება. იქნება ეს ფინანსური დახმარება თუ ფიზიკური, რადგან ამ ეტაპზე, აბსოლუტურად ყველაფერს მე ვაკეთებ და ტექნიკით დახმარება მჭირდება. გაფართოება მინდა, თუმცა თავს ვიკავებ, რადგან ამხელა მიწის ფართობების დასამუშავებელი ტექნიკა არ მაქვს“, - ამბობს ჯერი ძუარი.

„ბაღჩა“ ერთი წლის წინ 4000 კვ.მ. მიწაზე დაიწყო. მას შემდეგ დამფუძნებელმა მეურნეობა მცირედით გაზარდა და, როგორც ის ამბობს, გეგმავს, რომ სამომავლოდ ბაღი 2 ჰა-მდე გააფართოოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები