"დედაქალაქში აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვის სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული", - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მან დღეს საზოგადოებას თბილისის გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებზე ანგარიში წარუდგინა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, თბილისის ეკოლოგიური მდგომარეობა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა იყო, როცა დედაქალაქის მერი გახდა. „დღეს ნამდვილად სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ, 2017 წელთან შედარებით, გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით უმნიშვნელოვანეს პროგრესს მივაღწიეთ. ძალიან მიხარია, როდესაც ვხედავ ამდენ ახალ და აღდგენილ მწვანე სივრცეს, ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს, თანამედროვე რეკრეაციულ ზონებსა და ევროპული დონის პარკებს, სადაც დედაქალაქის მცხოვრებლები, თბილისის სტუმრები სასიამოვნოდ ატარებენ დროს“, - განაცხადა მერმა.
კალაძე ირწმუნება, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში დედაქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმები განხორციელდა.
„პირველ რიგში, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ დღეს დედაქალაქში აღარ ხორციელდება არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, არ გაიცემა არც ერთი ნებართვა მშენებლობაზე, თუკი გარემოს დაცვის სტანდარტები უმაღლეს დონეზე არ არის დაცული და სრულად არ შეესაბამება დედაქალაქისა და თბილისის მცხოვრებლების ინტერესებს“, - აღნიშნა კალაძემ.
პრეზენტაციისას მან ყურადღება გაამახვილა ასევე ნარჩენების მართვის მიმართულებით. კალაძის თქმით, შემუშავებულია ნარჩენების მართვის გეგმა და სტრატეგია, რის შედეგადაც, დედაქალაქში ბევრად მარტივი გახდა ნარჩენების სწრაფად და ეფექტიანად გატანა/გადამუშავება.
„ამ მიმართულებით ჩვენ იმ შედეგს ჯერ ვერ მივაღწიეთ, რაც გვინდა, თუმცა უნდა გადმოვიტანოთ ევროპული ქვეყნების საუკეთესო მაგალითები, თუ როგორ უნდა მოხდეს ნარჩენების სეპარირება, გადამუშავება და შემდეგ მისგან ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიღება. ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, - აღნიშნა კალაძემ.
გარდა ამისა, დედაქალაქის მოქმედი მერის თქმით, შეიქმნა თბილისის ზღვის სანიტარიული დაცვის ზონები და ამ მიმართულებით ხორციელდება ძალიან ეფექტიანი კონტროლი. ასევე, დაიწყო ატმოსფერული ჰაერის მყარი ნაწილაკებით დაბინძურების პრევენციისთვის აუცილებელი სამუშაოები. ამავდროულად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი სრულად განახლდა ეკოლოგიურად სუფთა ავტოპარკით, რამაც პირდაპირი გავლენა მოახდინა ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის კლებაზე.
კახა კალაძემ ხაზი გაუსვა საპარკე კულტურის განვითარების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს. მისი თქმით, რეაბილიტაცია ჩაუტარდა კიკვიძის პარკს, მზიურის განახლებულ პარკს, გლდანის მეექვსე მიკრორაიონში მდებარე პარკს.
რაც შეეხება მიმდინარე პროექტებს, კახა კალაძის თქმით, ფონდი „ქართუს“ მიერ ხდება იპოდრომის ყოფილი ტერიტორიის სრული განახლება-მოწესრიგება; ასევე დაწყებულია თემქის ხევის სრული რეაბილიტაცია.
დედაქალაქის მერმა ეკოსერვისის თანამშრომლებს მწვანე სივრცეების მოვლისთვის მადლობა გადაუხადა.
„რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არ არის. სამომავლოდ ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. უკვე არსებობს დიღმის ჭალების პარკის მოწყობის, ვერის პარკისა და რაც მთავარია, თბილისის დენდროლოგიური პარკის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც რეალურად აქვს პოტენციალი, იქცეს თბილისის ფილტვებად.
ჩვენ ამით არ ვკმაყოფილდებით, უფრო მეტი ამბიცია გვაქვს და რეალურად ამ ქალაქს აქვს ძალიან დიდი შესაძლებლობა იმისა, რომ კიდევ უფრო მეტი მწვანე სივრცე, რეკრეაციული ზონები გაჩნდეს დედაქალაქში. დარწმუნებული ვარ, რომ მომდევნო წლებში ჩვენი დედაქალაქი აუცილებლად იქნება ყველაზე მწვანე, კომფორტული და ყველანაირად კეთილმოწყობილი ქალაქი, სადაც ყველა თაობის ადამიანი კომფორტულად იცხოვრებს“, - განაცხადა კალაძემ.




























