მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი"- ღარიბაშვილი

6225b740b3af9
შოთა ტყეშელაშვილი
07.03.22 11:44
634
მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველომ მაღალი ეკონომიკური ზრდა უნდა გააგრძელოს. მისი თქმით, იანვარში არსებული 18%-იანი ზრდა რეგიონის მასშტაბით "უპრეცედენტოა" და ეს ტემპი "პირიქით მეტადაც უნდა გაიზარდოს". 

2022 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა იყო დაგეგმილი. წლის ბოლომდე ქვეყანაში არათუ 18%-იანი, არამედ 6%-იანი ზრდის შენარჩუნებაც თეორიულად შეუძლებელი იქნება. ჯერჯერობით საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის, რუსეთის ან თურქეთის განახლებული ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს არ გამოუქვეყნებიათ. ახალი პროგნოზები სრულად იქნება დამოკიდებული საომარი ვითარების კიდევ უფრო მეტად ესკალაციის ალბათობაზე. 

"იანვარი ჩვენ ძალიან აქტიურად, ძალიან ძლიერად დავიწყეთ, ეკონომიკური ზრდა გვაქვს 18%-იანი, რაც უპრეცედენტოა მთელ რეგიონში და ევროპაშიც, შეიძლება ითქვას. ექსპორტი არის 47%-ით გაზრდილი, ტურიზმი - ყველა მიმართულებით გვაქვს ზრდა, ამიტომ ეს ტემპი, ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ არ შენელდეს, პირიქით, უნდა შევინარჩუნოთ და კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ.

აქტიურად უნდა დავიწყოთ ის პროექტები და პროგრამები, რომელიც დავაანონსეთ. ესაა დასაქმების პროგრამა, ესაა ეკონომიკის ასე ვთქვათ, ამაჩქარებლების წამახალისებელი პროექტების დაწყება და ჩვენ ყველანი ვართ მოწოდებულები, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ. რეგიონში გამოწვევები დიდია, მაგრამ ჩვენ ისე უნდა გადავეწყოთ, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა შევინარჩუნოთ. ამიტომ საჭიროა ბიზნესთან მეტი კომუნიკაცია, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი აქტიურად ხვდებიან, ესაუბრებიან ბიზნესს, მეც აქტიურად ჩავერთვები ამ კვირაში და ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპი ამ წელს.

ჩვენ არანაირი საშიშროება და საფრთხე არ გვემუქრება. ასე მშვიდად და მტკიცედ უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის შენება,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები