მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ვაქცინაცია ცოტა ფორსმაჟორულ რეჟიმში იწყება" - რაზე ისაუბრეს ასოციაციებმა მინისტრთან შეხვედრაზე?

604b1d9681689
თათია ჩაფიჩაძე
12.03.21 12:09
544

ჯანდაცვის სამინისტროში ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით გამართული ბრიფინგის შემდეგ, მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე სამედიცინო ასოციაციების მცირე ნაწილს შეხვდა. შეხვედრაში მონაწილე ასოციაციის წევრები აცხადებენ, რომ საუბარი ვაქცინაციის პროცესში მათ ერთობლივ კოორდინირებულ მუშაობას და საინფორმაციო კამპანიის დაწყების თემებს დაეთმო.

„კარგია, რომ შეხვედრა შედგა. ვისურვებდი, რომ ადრე დაწყებულიყო ეს სამუშაოები და კოორდინაცია. აუცილებელია გაფართოვდეს ამ პროცესში ჩართული ასოციაციების რიცხვი, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ვაქცინაცია ცოტა ფორსმაჟორულ რეჟიმში იწყება, როგორც იცით პირველ ეტაპზე ხდება მედპერსონალის აცრა, აუცილებელია მისი სწრაფად გაფართოება. მთავარი რისკ ჯგუფი 75 წელს ზემოთ მყოფი მოსახლეობა ჯერ არის ვაქცინაციის გარეშე, შესაბამისად ველით გართულებულ შემთხვევებს. უნდა აეწყოს ქსელი, რომლის სწორედ მართვაც იქნება უმნიშვნელოვანესი. აცრები პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 10 საავადმყოფოში დაიწყება“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში კლინიკა „ნეოლაბის“ ხელმძღვანელმა გიორგი კამკამიძემ.

„შეხვედრა ინფორმაციული ხასიათის იყო, ჩვენ გაგვაცნეს ქვეყნის მზაობა ამ პროცესის დაწყებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინაციის კამპანია დაიწყება სულ მალე, რაც ისტორიული მნიშვნელობის იქნება. ხაზი გაესვა იმას, რომ ასოციაციების ჩართულობას სამინისტროსთან ერთად და ჩვენს კოორდინირებულ ურთიერთობას, ექნება უდიდესი მნიშვნელობა. ეს იყო ჩვენი პირველი სამუშაო შეხვდრა, დაიგეგმება შემდგომი კოორდინაციაც“ - ამბობს ალერგოლოგთა და იმუნოლოგთა ასოციაციის წარმომადგენელი მაია რუხაძე.

 

შეგახსენებთ, საქართველოში 13 მარტიდან Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ეტაპობრივი მოწოდების პროცესი დაიწყება. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, პირველ ეტაპზე საქართველოში 43 200 ათასი დოზა "ასტრაზენეკას" ვაქცინა, შემდეგ კი "ფაიზერის" ვაქცინა შემოვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები