მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, მთავრობა ფრინველის ხორცის გაძვირებას გაექცა" - "მეფრინველეთა ასოციაცია"

600586f434a3e
ინგა მურუსიძე
18.01.21 17:16
1246
მთავრობის დადგენილებით, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ რეგლამენტი, რომელიც 2020 წლის ოქტომბერში შევიდა ძალაში, დროებით, 2021 წლის 1 აპრილამდე შეჩერდა. ლევან დავითაშვილის უწყება რეგლამენტის მოქმედების შეჩერების მიზეზად მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიმდინარე განხილვას ასახელებს. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესების თანახმად, მსო-ს წევრი ქვეყნების ექსპორტიორებმა, სავაჭრო ურთიერთობების და ექსპორტთან დაკავშირებული საკითხების ჭრილში მოითხოვეს ფრინველის ხორცის შესახებ ტექნიკურ რეგლამენტთან დაკავშირებული საკითხის ორგანიზაციაში განხილვა, რაც 60-დღიანი ტექნიკური პროცედურაა“, - ამბობენ სამინისტროში.

უწყების არგუმენტი გაუგებარია „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილისთვის.
ის bm.ge-ისთან ამბობს, რომ დადგენილების შეჩერება “კატასტროფა არ არის, თუმცა მომხმარებლებს აზარალებს“.

ზურაბ უჩუმბეგაშვილი მიიჩნევს, რომ მთავრობა დადგენილების შეჩერებით, ფრინველის ხორცზე ფასის მატების შეჩერებას ცდილობს. 

“ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი მიზეზია. ეს არის ჩვენი შიდა ნორმატიული აქტი და რა კავშირშია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია?! თუ ეს დადგენილება ამდენჯერ უნდა გადადებულიყო, ალბათ საერთოდაც არ უნდა ამოქმედებულიყო. ორი თვე იმუშაო და მერე შეჩერდეს ნორმატიული აქტი, ეს რას ნიშნავს?! დაბნეულები ვართ. მთავრობის გადაწყვეტილება კატასტროფა არ არის იმ გაგებით, რომ უხარისხობას ვერ დაბრალდება. გაყინული ფრინველის ხორცში წყლის შემცველობა 5% იქნება თუ 10%, ხარისხზე დიდად არ აისახება. კანონი იმიტომ მიიღეს, რომ წყალი იყიდებოდა ხორცის ფასად. მომხმარებელი ზარალდება, შემოდის იაფიანი პროდუქცია. საქართველოში ვინც მუშაობს, იქ დაცულია სტანდარები და 5%-ზეა წყლის მაჩვენებელი, მაგრამ 12%-იანი რომ შემოდის, 7% გაიაფების საშუალებას აძლევს იმპორტიორს და ამის გამო ზარალდებიან მოქალაქეები - იაფიანი პროდუქცია შემოდის“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

მისი აზრით, მთავრობამ ეს ნაბიჯი, სავარაუდოდ, ერთი რამის გამო გადადგა - თავიდან აიცილა პროდუქციაზე ფასის მატება.

„ძალიან ბევრს, ვისაც ამერიკული და უკრაინული პროდუქცია შემოჰქონდა, გაუჭირდა საბუთების შეგროვება, რადგან წყლის შემცველობა 5%-ზე გაცილებით მეტია. საბუთი რომ ვერ გაკეთდა და შეჩერდა შემოტანა, ალბათ დადგა იმის საშიშროება, რომ ფასი მოიმატებდა. ვფიქრობ, გაექცნენ ფასის მომატებას. არ მგონია, მეტი რაიმე განსაკუთრებული მიზეზი იყოს ჩადებული“, - აღნიშნავს უჩუმბეგაშვილი.

„მეფრინველეთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ვარაუდობს, რომ თუკი აპრილში დადგენილება ამოქმედდა, მერე შეიძლება ისევ შეაჩერონ, რადგან ის უკვე არაერთხელ გადავადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები