მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წასვლას ჯერ კიდევ 2020 წლის ბოლოს ვგეგმავდი“ - ივანე მაჭავარიანი

60648414f0385
თელარა გელანტია
31.03.21 18:16
899
ფინანსთა მინისტრმა და ვიცეპრემიერმა ივანე მაჭავარიანმა თანამდებობა დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ 2020 წლის წლის ბოლოს გეგმავდა. შეგახსენებთ: ივანე მაჭავარიანი ფინანსთა მინისტრის პოსტს 2018 წლის ივლისიდან იკავებდა. ვიცეპრემიერად კი ირაკლი ღარიბაშვილმა ის 2021 წლის 25 თებერვალს დანიშნა.

ყოფილი მინისტრის განცხადებას bm.ge უცვლელად გთავაზობთ:

"მინდა გაცნობით ჩემი გადაწყვეტილება, დავტოვო ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის თანამდებობა. უნდა ვთქვა, რომ ფინანსთა მინისტრად, დაახლოებით, სამწლიანი მუშაობის შემდეგ, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს ვგეგმავდი, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადავწყვიტე ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო.

ჩემთვის პატივი და ამავე დროს, დიდი პასუხისმგებლობა იყო მემუშავა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდთან ერთად - მთავრობის ხელმძღვანელებთან, ჩემს კოლეგებთან მინისტრთა კაბინეტში, პარლამენტის წევრებთან.

მსურს, პრემიერსა და მთავრობის წევრებს, პოლიტიკურ გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ვუსურვო წარმატება ყველა იმ გამოწვევის დაძლევაში, რომლის წინაშეც დღეს დგას ჩვენი ქვეყანა. დიდი მადლობა მათ ამ რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში, ასე ერთიანად და კოორდინირებულად მუშაობისთვის.

მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მტკიცე თანამშრომლობისათვის, ასევე, მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორებს - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, დონორი ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, მათ რეგიონულ წარმომადგენლობებს, საქართველოში მოქმედ დიპლომატიურ კორპუსს. პანდემიის საპასუხოდ, ჩვენ სწორედ მათი მხარდაჭერით შევძელით საკმაოდ დიდი მოცულობის რესურსების მოძიება, რაც გვეხმარება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩემთვის სასიამოვნო იყო, რომ მომეცა შესაძლებლობა, პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში მემუშავა მათთან ერთად, ჩვენი ქვეყნის განვითარებისათვის.

მადლობას ვუხდი თანამშრომლობისთვის ფინანსთა სამინისტროს შესანიშნავ გუნდს. გუნდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი კომპეტენციით, კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი ერთგულებით.

მადლობა ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის, შემოსავლებისა და საგამოძიებო სამსახურების, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის, სახაზინო და საფინანსო-ანალიტიკური, ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურების თითოეულ თანამშრომელს.

მეამაყება რომ ვმუშაობდი თქვენთან ერთად!”, - ნათქვამია განცახდებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები