მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" - როდის იგეგმება კურორტის განახლების გეგმის წარდგენა?

62bc97dc2493a
ნინო ტაბატაძე
30.06.22 21:00
1738
"წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" – კურორტის განახლების გეგმას მთავრობა ივლისის პირველ ნახევარში წარადგენს. ღონისძიებისთვის მზადება უკვე დაწყებულია. ღონისძიების ორგანიზებისთვის ქონების ეროვნული სააგენტო 180 ათას ლარიან გამარტივებულ შესყიდვას ითხოვს.

ამ ღონისძიებაზე პოტენციური ინვესტორებისა და საზოგადოებისთვის აუქციონზე გასატანი საინვესტიციო პაკეტების შესახებ დეტალურ ინფორმაციას წარადგენენ.

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, იგეგმება კურორტის რეაბილიტაცია და ყოფილი სანატორიუმების შენობათა მასშტაბური პრივატიზება. ფინალურ ფაზაშია წყალტუბოს გენერალური გეგმის შექმნა, რომლის ფარგლებში რიგი მიმართულებები სიღრმისეულად შეისწავლეს, ასევე პარალელურად მიმდინარეობს ობიექტების წარდგენა და საპრივატიზებოდ მომზადება.

BM.ge-ის მიერ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ამ დროისთვის წყალტუბოში სულ გასხვისებულია 7 სანატორიუმი, ხოლო გასაყიდია - 15.

აღსანიშნია, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა 2019 წელს წყალტუბოს აღორძინება დააანონსა და განაცხადა, რომ მზად იყო, ყველა სასტუმრო და სანატორიუმი გამოესყიდა, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არცერთი აქტივი არ გაუყიდია; უფრო პირიქით მოხდა - 2021 წლის ბოლოს ეკონომიკის სამინისტრომ მილიონერ თამაზ სომხიშვილთან დაკავშირებული სს „ბალნეოსერვისისგან“ 8 მლნ დოლარად გამოისყიდა 6 აბანო და უძრავ-მოძრავი ქონება. აქტივების მფლობელი დღეს სახელმწიფო კომპანია „წყალტუბოს თერმული წყლებია“. მთავრობა დარწმუნებულია, რომ წყლის ლიცენზიის უკან გამოსყიდვით ინვესტორების მხრიდან წყალტუბოს მიმართ ინტერესი გაიზრდება.

დღეისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სანატორიუმებია:

1. "სამგურალი"
2. "მეგობრობა"
3. "გეოლოგი"
4. "იმერეთი"
5. "გელათი"
6. "თბილისი"
7. "რკინიგზელი"
8. "აია"
9. "ფილიალი"
10. უშიშროება
11. "წყალტუბო"
12. "მედეა"
13. "სავანე"
14. სასტუმრო "წყალტუბო"
15. "სინათლე".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები