სახელმწიფოს მიერ წყალტუბოში სანატორიუმი „სავანის“ შესყიდვით არავინ დაინტერესდა. ელექტრონული აუქციონი არ შედგა.
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტომ ქონება პრივატიზებისთვის ელექტრონულ აუქციონზე 22 აგვისტოს გამოიტანა და ის დღეს დასრულდა. უნდა აღინიშნოს, რომ ეს სანატორიუმ „სავანეს“ გაყიდვის პირველი მცდელობა არ არის. აღნიშნული ქონება ქონების სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2022 წელს დაანონსებული „წყალტუბოს ახალი სიცოცხლის“ პროექტის ფარგლებში სხვა 13 სანატორიუმთან ერთად პირველად 2022 წლის ივლისში გამოიტანა, თუმცა ამ კონკრეტული ქონების გაყიდვის 2 მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ქონების ეროვნულმა სააგენტომ სანატორიუმი ვერც ამჯერად გაყიდა.
პირობიანი აუქციონის მიხედვით ქონება 15 091 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებული N1-N5 შენობა-ნაგებობებს მოიცავს. საინვესტიციო ვალდებულებად კი განსაზღვრული იყო, რომ შემძენს 100-ნომრიანი სასტუმროს ინფრასტრუქტურა ხელშეკრულების გაფორმებიდან 5 წლის ვადაში უნდა მოეწყო, რომელიც საკონფერენციო დარბაზებს, რესტორანს/ რესტორნებს უნდა აერთიანებდეს. ამისთვის კი მინიმუმ 6 370 200 ლარის ინვესტიცია უნდა ჩაედო.
ცნობისთვის: "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტი სახელმწიფომ 2022 წელს დააანონსა, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება იმ დროისთვის გაკეთებული განცხადებების მიხედვით, 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს შექმნის, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით გაზრდის. პროექტმა 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა მოიზიდოს და ვიზიტორების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდოს.
პროექტის ფარგლებში 2022 წელსვე სახელმწიფომ გასაყიდად სულ 14 ობიექტი - 5 პრემიუმ კლასის, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი გამოიტანა.