მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ხახაბო" – თბილისში 140 000 ლარის ინვესტიციით ცივი დაწურვის ზეთების საწარმო ამოქმედდა

620674e614c8d
ვიქტორია მღებრიშვილი
11.02.22 19:05
4210
სელის, ნიგვზის, შავი კვლიავის, გოგრის და სხვა ქართული წარმოების ზეთის შეძენის შესაძლებლობა მომხმარებელს უკვე აქვს. გასული წლის დეკემბერში, თბილისში, 140 000 ლარის ინვესტიციით კომპანია „ხახაბომ“ ამავე სახელწოდებით 7 დასახელების ცივი დაწურვის ტექნოლოგიით მცენარეული ზეთის წარმოება დაიწყო და მცირე საწარმოში 5-მდე სამუშაო ადგილი შექმნა.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანია „ხახაბოს“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი გიორგი კვესელავა ამბობს, რომ მცენარეული ზეთების წარმოების იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, რაც ოჯახისთვის ამ სახის ნატურალური ზეთი დასჭირდა და ბაზარზე ასეთი პროდუქტი ვერ ნახა.

„ჩვენი წარმოების ამოქმედების მიზანი მომხმარებლისთვის სასარგებლო, სამკურნალო და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის შეთავაზებაა ისეთ ფასად, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

საქართველოში მსგავსი წარმოება არ არსებობდა. ბაზარზე მხოლოდ იმპორტირებული ზეთების შეძენა შეიძლება, რომელიც კონცენტრატებით არის გაჯერებული, რათა პროდუქტს ვადა გაეზარდოს, მაშინ როდესაც ნატურალური მცენარეული ზეთების შენახვის ვადა 6 თვეა. პირადი მოხმარებისთვის მჭირდებოდა და იმის გამო, რომ ბაზარზე ვერ ვნახე 100%-ით სუფთა პროდუქტი, საწარმოს ამოქმედება გადავწყვიტეთ.

ცივი დაწურვის ტექნოლოგიით მიღებლი ზეთი ინარჩუნებს ნედლი პროდუქტის ყველა მახასიათებელს, ვიტამინებს და სასარგებლო თვისებებს. ჩვენი ნედლეული დაწურვის პროცესში არ ხურდება და 100%-ით ცივი დაწურვა ხდება. გამოიყენება არა მხოლოდ პროფილაქტიკის მიზნით, არამედ სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ, კულინარიასა და კოსმეტოლოგიაში“, - აღნიშნა გიორგი კვესელავამ.

დღეისთვის, კომპანია 7 დასახელების სელის თესლის, გოგრის თესლის, შავი კვლიავის (ძირა), ჩიას თესლის, თეთრი და შავი სეზამის თესლის, ნიგვზის და ნუშის ზეთს 100, 250-იან და 500-მილიგრამიანი შეფუთვებით აწარმოებს და Facebook-ის გვერდის საშუალებით ყიდის.

„დღეისთვის 2 საწარმოო ხაზი მოქმედებს და დღიური წარმადობა 4 ლიტრია, თუმცა მარტში კიდევ 2 დანადგარი ჩამოვა და დღიური წარმადობა 12 ლიტრამდე გაიზრდება ანუ თვიურად 300 ლიტრი ზეთის წარმოებას შევძლებთ. პროდუქტი ადგილობრივი წარმოების ნედლეულიდან იწარმოება. ზეთი ძირითადად ონლაინარხის საშუალებით იყიდება; მათი ღირებულება 15 ლარიდან იწყება და შეფუთვის მოცულობისა და ნედლეულის სახეობის მიხედვით 60 ლარამდე იზრდება.

ვაკვირდებით, რომ „ხახაბოს“ ცივი დაწურვის ზეთზე მოთხოვნა იზრდება. მაგალითად, თუ იანვარში დაახლოებით, 4 000 ლარის პროდუქტი გავყიდეთ, თებერვალში ამ მოცულობის ზეთი უკვე გაყიდული გვაქვს“, - უთხრა BM.GE-ის „ხახაბოს“ დამფუძნებელმა.

კომპანია „ხახაბო“ მომავალში წარმოების ხაზის გამრავალფეროვნებას გეგმავს, რომლის მიხედვით, მათ წარმოებას სახის ნიღბები, სელის პური და ფქვილი დაემატება, ასევე მსხვილფეხა ცხოველის ფერმის მოწყობაც იგეგმება. ამ გეგმების განხორციელებას მეწარმეები სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის გზით სექტემბრისთვის გეგმავენ და დღეს მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ ბიზნესის განვითარებისთვის, დაახლოებით, 200-300 ათასი ლარი დასჭირდებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები