თითქმის ერთი წელია, რაც ბიზნესომბუდსმენის აპარატს ოთარ დანელია ხელმძღვანელობს. ის მედიასთან ხშირად არ ჩანს, ამიტომ დღეს გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე bm.ge-ს საშუალება ჰქონდა მისთვის ეკითხა, რას საქმიანობს მისი დაქვემდებარებული უწყება და რომელი ბიზნესები, რა ტიპის საკითხების მოგვარების მიზნით მიმართავენ.
როგორც ოთარ დანელია განმარტავს, აპარატი ყოველდღიურად მუშაობს ბიზნესსა და სახელმწიფო ორგანოებს შორის კომუნიკაციაზე და იმ შესაძლო პრობლემების მოგვარებაზე, რომელიც ბიზნესს საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობასთან შეიძლება ჰქონდეს.
"ჩვენ ყოველდღიურად ვართ ჩართული, ომბუდსმენის აპარატი ძალიან ბევრ მიმართულებას განიხილავს, ძირითადი პრობლემური საკითხები მაინც საგადასახადო დავებია. ჩვენ ბიზნესს სახელმწიფო უწყებებთან ვშუამდგომლობთ, კომუნიკაცია ყოველდღიურია და ჩართულობა პროაქტიური. უამრავი ქეისია ამ ეტაპზე, უამრავი სხვადასხვა მიმართულება, ბოლო დროს კი განსაკუთრებით ექსპორტთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული გამოწვევები ფიქსირდება. მოგეხსენებათ, რომ ტვირთბრუნვა ძალიან გაიზარდა, გადატვირთული მდგომარეობაა.
ამას საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებული დავებიც ემატება. ამ მხრივ, საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ მთავრობასთან, ხშირ შემთხვევაში არის რეკომენდაციები და შენიშვნები, რადგან ზოგიერთი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც შესაძლებელია საერთაშორისო სტანდარტით იყოს გათვალისწინებული, ბიზნესებისთვის უფრო მეტად წნეხია, ვიდრე შვება, ამიტომ რაციონალური და დაბალანსებული მიდგომა უნდა ვიპოვოთ", - აცხადებს ოთარ დანელია.
ბიზნესომბუდსმენი დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.