28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეები ნამახვანიჰესის მშენებლობას აპროტესტებენ. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი უკვე 4 თვეზე მეტია, ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციებს მართავს და ღამეებს კარვებში ათევენ.
საქართველოს პარლამენტის დღევანდელ საგაზაფხულო სესიაზე რამდენიმე დეპუტატი სწორედ ნამახვანიჰესის მშენებლობის წინააღმდეგ 28 თებერვალს გამართულ საპროტესტო აქციას გამოეხმაურა და მეტი კომუნიკაციის საჭიროებაზე ისაუბრა. მათ შორის იყო ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძეც.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა აღნიშნა, რომ მოსახლეობას პროექტთან დაკავშირებით სათანადო ინფორმაცია არ აქვს, რაც მათში პროტესტს იწვევს, ამიტომ დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ჰესის მშენებლობის საკითხზე, მედიასაშუალებების თანდასწრებით, პარლამენტში განხილვა სთხოვა.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო 28 თებერვალს ქუთაისში ცენტრალურ მოედანზე ჩატარებულ აქციას და კიდევ ერთხელ მოვუწოდო დეპუტატებს და თქვენ ბატონო თავმჯდომარევ, რომ ამ მოსახლეობის არცერთი კითხვა არ უნდა დარჩეს პასუხგაუცემელი.
დღეს ასეთი მდგომარეობა გვაქვს - საქართველოს სხვადასხვა რეგიონში აიტაცეს და აპროტესტებენ სხვადასხვა უმნიშვნელოვანეს პროექტებს, რაც აუცილებელია ჩვენი ენერგოუსაფრთხოებისთვის, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისთვის. ვიყოთ აბსოლუტურად ჩართულები ამ თემაში ჩვენ - პარლამენტარები, მთავრობა და ადგილობრივი მოსახლეობა. დამატებით, ჩვენთან მოვიწვიოთ პრესა, რომ მაქსიმალურად ინფორმირებული იყოს საქართველოს მოსახლეობა. შთაბეჭდილება რჩება, რომ არაინფორმირებულება არის მიზეზი იმის, რომ საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩვენი მოსახლეობა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე იყო ჩასული, რომელიც ნამახვანი ჰესის უმნიშვნელოვანესი პროექტის მშენებლობას აპროტესტებდა.
ასევე, მოვუწოდოთ ინვესტორი კომპანიის ხელმძღვანელობას, რომელთანაც დადებულია ხელშეკრულება, მაქსიმალურად დაასაქმონ ჩვენი მოქალაქეები. დღევანდელი ინფორმაციით, ეს პირობები მათი მხრიდან, სამწუხაროდ, შესრულებული არ არის.გთოხვთ, მხარი დავუჭიროთ შეხვედრას, რომელიც ფართომასშტაბით გადაიცემა პირდაპირი ეთერით და ეს თემა სხვადასხვა ტელევიზიაში გაგრძელდება“, - მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს ზაზა ლომინაძემ.
თავის მხრივ,არჩილ თალაკვაძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკითხის მნიშვნელობასა და აქტუალობას და განაცხადა, რომ მიმდინარე კვირას დაგეგმილი შსს-ს მინისტრ ვახტანგ გომელაურის მოსმენა, შესაძლოა, სხვა მინისტრის მოსმენით შეიცვალოს.
"პარლამენტს ამისთვის ყველა შესაძლებლობა აქვს, რადგან უმრავლესობაც და ოპოზიციაც გამოდის მოთხოვნით, რომ საკითხზე უფრო აქტიური დისკუსია იყოს, მათ შორის პარლამენტში. ეს განხილვის საგანია და მთავრობა არ იტყვის უარს თუ პარლამენტიდან ასეთი მოთხოვნა იქნება. მიმდინარე კვირაში დაგეგმილი გვქონდა "მინისტრის საათი", სადაც შსს-ს მინისტრს უნდა მოვუსმინოთ. თუ იქნება კონსულტაციები, შეგვიძლია ამ თემაზე პლენარულ ან საკომიტეტო ფორმატში, პარასკევს სხვა პროფილის მინისტრებს მოვუსმინოთ და არა მართლწესრიგის საკითხებზე <შს მინისტრს>, რაც შეიძლება მომდევნო კვირებში გადაიდოს. ამ შემთხვევაში მაღალი პრიორიტეტი სწორედ ამ საკითხს მივანიჭოთ, ამიტომ მოგიწოდებთ ამ საკითხზე გავმართოთ კონსულტაციები და 2 დღის განმავლობაში შევძლოთ ისეთი ფორმატის ორგანიზება, სადაც საზოგადოებას კიდევ ერთხელ მეტი და დამატებითი ინფორმაცია მიეწოდება“, - განაცხადა თალაკვაძემ.