მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის პოპულარიზაცია არასწორი მიმართულებით ხდება... ქალაქის პრეზენტაცია მალტაში გააკეთეს, საიდანაც ტურისტს ჩამოსასვლელად სამჯერ გადაჯდომა სჭირდება

ქალაქი ქუთაისიიი

უკვე წლებია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. ეს პრობლემას უქმნის, როგორც ადგილობრივებს, ასევე ქუთაისის ტურიზმის სექტორს. მათი შეფასებით, მაშინ, როცა ქალაქის შემოსავლის მთავარი წყარო ტურიზმია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობა, ტურისტებს ქალაქში შემოსვლის სურვილს უკარგავს.

არსებულ სიტუაციას ტურისტების გადმოსახედიდან აფასებს „ჩიპ თრეველის“ დამფუძნებელიც. როგორც ის bm.ge-სთან აღნიშნავს, არც ერთ ტურისტს არ გაუჩნდება ქუთაისში ჩასვლის სურვილი მას შემდეგ, რაც ნახავს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტს ქალაქს გვერდს უვლის.

მისივე განმარტებით, ქუთაისი “ვიზიარის სამადლოდ” ჩამოყვანილ ტურისტს აეროპორტშივე კარგავს, სადაც მას სხვადასხვა ქალაქის სარეკლამო რგოლები თუ ბანერები ხვდება, თუმცა არა ქუთაისის.

„ჩიპ თრეველის“ დამფუძნებელი ერთადერთ გამოსავლად საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანიშვნას მიიჩნევს, რომელიც ყოველ ნახევარ საათში ივლის და რამდენიმე რეისის მგზავრს ქალაქის მიმართულებით მოემსახურება.

„ამ ყველაფერს უნდა შევხედოთ ტურისტის თვალით. როდესაც ტურისტი ხარ და სამოგზაუროდ კონკრეტულ მიმართულებას სწავლობ, შემდეგ აღმოაჩენ, რომ, პირობითად, კატოვიცის აეროპორტიდან არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, იტყვი, რომ აღარ ჩახვალ ამ ქალაქში.

ამ დროისთვის ქალაქს ფაქტობრივად სხვა შემოსავლის წყარო არ აქვს. ის ჩამოკიდებულია Wizzair-ის მიერ ჩამოყვანილ ტურისტებზე. ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი, რომელიც აეროპორტში ჩამოდის და არ შემოდის ქუთაისში, თავისი გამოცდილების შესახებ აზიარებს ინფორმაციას სოციალური ქსელით, სხვა მის შემდეგ ჩამოსულ მგზავრს ურჩევს, რომ იგივე გზა გაიაროს. შესაბამისად, ყოველ ჯერზე უფრო და უფრო მეტი ტურისტი აგვივლის გვერდს,“ - აღნიშნავს ლევან ჭანჭალეიშვილი.

„ჩიპ თრაველის“ დამფუძნებელი იმასაც ამბობს, რომ ქუთაისის პოპულარიზაცია არასწორი მიმართულებით ხდება. მისივე განმარტებით, მათი მიზანია ტურისტმა ქუთაისში ერთი დღით მაინც შეიაროს.

„ქუთაისის პოპულარიზაცია არასწორი მიმართულებით ხდება. ტურიზმის ადმინისტრაცია მალტაში იმყოფებოდა  და ქუთაისის პრეზენტაცია გააკეთეს, მალტაზე, სადაც 300 000 ადამიანი ცხოვრობს და იქიდან ქუთაისში ჩამოსასვლელად სამი გადაჯდომა სჭირდებათ. ამ დროს, პოლონეთის რვა ქალაქიდან გვაქვს პირდაპირი მიმოსვლა და პოლონეთში ყველაზე დიდ ტურისტულ გამოფენაზე ბათუმი და თბილისი იყო წარდგენილი“ - ამბობს ის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები