მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქუთაისსა და წყალტუბოს, აეროპორტთან და რკინიგზასთან წვდომა კვლავ არ აქვს“ - ლაშა ბერეკაშვილი

62a7503accd77
ვიქტორია მღებრიშვილი
14.06.22 00:00
3266
ახალგაზრდა გიდების ასოციაცია ქუთაისის რკინიგზის სადგურზე „შტადლერის“ მატარებლის გაჩერების მოწყობასა და ქალაქიდან ქუთაისის აეროპორტამდე ავტობუსების დანიშვნას წლების განმავლობაში ითხოვდა. აქედან პირველი საკითხი სახელმწიფომ მოაგვარა, თუმცა „შტადლერის“ მატარებელი ქუთაისის რკინიგზის სადგურს, რომელიც ქალაქშია, არ გადის. ის კოპიტნარში გახსნილი ახალ რკინიგზის სადგურში ჩერდება, რომელიც ქუთაისიდან შორს მდებარეობს.

დღეს BM.GE-სთან საუბრისას ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი აცხადებს, რომ კოპიტნარის რკინიგზის ამოქმედების შემდეგ ქუთაისი და წყალტუბო, ლოგისტიკურად ამ ობიექტებიდან მაინც მოწყვეტილი რჩებიან.

მისი თქმით, აუცილებელია ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ ქუთაისი-წყალტუბო-აეროპორტის მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი დანიშნოს, რომელიც აეროპორტში ჩამოსული მგზავრების გადაყვანას და გაფრენის მსურველების ქალაქებიდან აეროპორტამდე მიყვანას უზრუნველყოფს. ამისთვის მათ ამ საკითხით სხვადასხვა უწყებას, მათ შორის ეკონომიკის მინისტრის მოადგილესაც მიმართეს.

„ქალაქ ქუთაისს რკინიგზასთან და თავისთავად არც აეროპორტთან წვდომა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ რკინიგზა და აეროპორტი ქუთაისის ლოგისტიკაში შედის, ქალაქიდან და წყალტუბოდან ამ ლოკაციებამდე მუნიციპალური ტრანსპორტი არ მოძრაობს. ჩვენ ეს საკითხი რამდენჯერმე მუნიციპალიტეტის მერიაში, ასევე ეკონომიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ქვრივიშვილთან დავაყენეთ, თუმცა საკითხი ადგილიდან არ იძვრის. ქუთაისი და წყალტუბო გამოთიშულია აეროპორტისგან და მითუმეტეს რკინიგზისგან. ჩვენი თხოვნაა დაინიშნოს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ქუთაისი-წყალტუბო-აეროპორტი და პირიქით მიმართულებით, რათა ორივე ქალაქი აეროპორტს დაუკავშირდეს“, - ამბობს ლაშა ბერეკაშვილი და დასძენს, რომ დღეისთვის ქუთაისის აეროპორტების მგზავრების 90%-ს გადაადგილებისთვის ტაქსების დაქირავება უწევთ, რის გამოც ქუთაისი ლოგისტიკურ ჯაჭვში ვერ ხვდება, რადგან მგზავრები თბილისისა და ბათუმის მიმართულებით გადაადგილებას ირჩევენ.

ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ საკითხის მოგვარების პროცესში ასევე აქტიურად უნდა იყოს ჩართული იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO).

„DMO-ს ვალდებულებაა პრობლემების იდენტიფიცირება გააკეთოს, შეადგინოს ლოგისტიკის პროექტირება, შესაბამის პირებამდე მიიტანოს ეს საკითხი და კერძო სექტორს გააცნოს რა ნაბიჯები გადადგა ამ პრობლემის მოგვარებისთვის. მათი განცხადებები, რომ არაერთხელ მიმართეს ამ საკითხის გამო შესაბამის პირებს, არაფერს გვაძლევს”, - ამბობს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი.

ამასთან, ლაშა ბერეკაშვილმა ქუთაისის აეროპორტში რკინიგზამდე მისასვლელი შატლებისა და მატარებლის გადაადგილების საინფორმაციო ტაბლოების განთავსების აუცილებლობის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს სირთულეს არამხოლოდ ტურისტებს, არამედ ადგილობრივ მოქალაქეებსაც უქმნით.

„აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს თვალსაჩინოებისთვის უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია. ამისთვის აეროპორტში ჩამოფრენის დარბაზში უნდა იყოს საინფორმაციო ტაბლო, სადაც აღნიშნული იქნება რომელ საათზე რა მიმართულებით იქნება მგზავრობა შესაძლებელი. თუ მგზავრებმა თავად არ მოიძიეს მარშრუტების შესახებ ინფორმაცია და თავად არ დაჯავშნეს მატარებლის ბილეთები, ვერ იგებენ როდის არის მგზავრობა, რაც დროის მენეჯმენტის სირთულეს ქმნის“, - უთხრა BM.GE-ს ბერეკაშვილმა.

BM.GE-ი აღნიშნულ საკითხზე იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციას და ქუთაისის მუნიციპალიტეტსაც მიმართავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები