ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზე, 200-მდე დევნილ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსი ხუთ, 16-სართულიან კორპუსში, 800 ბინას აერთიანებს.
დევნილ ოჯახებს ახალმოსახლეობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მიულოცეს. მათ ახალაშენებული ბინები დაათვალიერეს და საცხოვრებელ პირობებს, ადგილზე, გაეცნენ.
როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, დევნილი ოჯახების განსახლება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტია და ამ მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში, ერთდროულად, მიმდინარეობს.
აღსანიშნავია, რომ შერვაშიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.
მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში - თბილისში, ბორჯომში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარეობს. საცხოვრებელ ფართს, ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს.