ქუთაისის ტურისტულ პოტენციალზე და მასთან დაკავშირებულ პრობლემებზე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებიც ალაპარაკდნენ.
„აუცილებელია, გაიწეროს გრძელვადიანი ტურისტული პროგრამა, რადგან ქუთაისს ტურისტულად განვითარების დიდი პოტენციალი აქვს“ - ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ სტუმრობისას „თინას ეთნო მარანის“ დამფუძნებელმა, თინა ტოროშელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არ არსებობს მსოფლიოში ქალაქი, რომელსაც გააჩნია აეროპორტი და ქალაქში არ აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტით წვდომა, თუმცა ეს გამონაკლისი ქუთაისია.
„ქალაქს არ გააჩნია სველი წერტილებიც, არ არის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა. აუცილებელია ტურიზმის მიმართულების განსავითარებლად გაიწეროს გრძელვადიანი პროგრამა, რადგან ამის რესურსი ქუთაისს ნამდვილად აქვს. აღნიშნული პრობლემები კი აზარალებს, როგორც ქუთაისის ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე ბიზნესსექტორს“, - აღნიშნავს თინა ტოროშელიძე.
შეგახსენებთ, 2023 წლის 7 თვეში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 856 646 მგზავრს მოემსახურა. აეროპორტის მმართველი სახელმწიფო კომპანიის ხელმძღვანელის ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, 2023 წელი გადაყვანილი მგზავრების მიხედვით რეკორდული იქნება და ვარაუდობენ, რომ აეროპორტი მილიონზე მეტ მგზავრს მოემსახურება.