რამდენიმე თვეა, რაც ქუთაისში, "თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში" უკრაინული ინვესტიციით შექმნილი სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება "ალპაკა" ამოქმედდა.
საწარმოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებთან ერთად პროდუქციის შესაფუთ მასალებსაც აწარმოებენ და როგორც "ალპაკას" წარმოების მენეჯერი პაველ კოშილენსკი BMG-სთან აღნიშნავს, ამ პროდუქციის შექმნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ნახეს, რომ საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადე არ იქმნებოდა, ამ დროს მისი საჭიროება ნამდვილად არსებობდა და ფერმერებს იმპორტირება და დამატებითი თანხის გადახდა უწევდათ.
"საწარმო აპრილში გავხსენით, ჯერ კიდევ დამწყებები ვართ. ვნახეთ, რომ ქართულ ბაზარზე მსგავს პროდუქტს არ აწარმოებდნენ, ხოდა, გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა და სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაგვეწყო. ჩვენი ბადეები სოფლის მეურნეობის ყველა დარგისთვისაა განკუთვნილი - იქნება ეს ხეხილის ბაღები, ბოსტნეული თუ ვენახი. ამას გარდა ვქმნით პროდუქტსაც, რომლის საშუალებითაც ფერმერებს შეუძლიათ, რომ თავიანთი პროდუქტი შეფუთონ", - ამბობს პაველ კოშილენსკი.
"ალპაკა" ამჟამად თვიურად 2000 კვ.მ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეს და 5000 ერთეულ შესაფუთ მასალას აწარმოებს, თუმცა საწარმომ ახლახან ახალი საწარმოო ხაზი აამოქმედა, სწორედ ამიტომ წარმადობის გაზრდას და დასაქმებული კადრების დამატებას გეგმავენ.
"ამჟამად სულ რაღაც 14 ადამიანს ვასაქმებთ, თუმცა სამომავლოდ, როცა ახალი ხაზის მეშვეობით წარმადობის გაზრდას შევძლებთ, დასაქმებულების რაოდენობასაც 20-მდე გავზრდით, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ თვიურად 540 000 კვადრატული მეტრი სეტყვის საწინააღმდეგო ბადე ვაწარმოოთ, ხოლო შესაფუთი ტომრები თვიურად 100 000 მაინც შევქმნათ", - აღნიშნავს "ალპაკას" წარმოების მენეჯერი.
ამ დროისთვის კომპანია პროდუქციას სრულად ადგილობრივ ბაზარზე ყიდის, როგორც პაველ კოშილენსკი გვიყვება, ძირითადი დაინტერესება დასავლეთ საქართველოს რეგიონებიდან, ხეხილის ბაღის მფლობელებისგან აქვთ, თუმცა უახლოეს მომავალში, მას შემდეგ, რაც წარმადობას გაზრდიან, საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ექსპორტზე გასვლასაც გეგმავენ.
რაც შეეხება საწარმოს ამოქმედებაში განხორციელებულ ინვესტიციას, წარმოების მენეჯერი ზუსტ თანხას არ აკონკრეტებს. აქვე, "ალპაკაში" არ გვიზუსტებენ პროდუქციის საფასურსაც, თუმცა აღნიშნავენ, რომ ფასი გაყიდული პროდუქციის მოცულობის მიხედვით იცვლება.