ქუვეითში ელექტროენერგიის კრიზისია, რომელსაც ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეების მიერ არალეგალურად ამუშავებულ კრიპტომაინერებს უკავშირებს. შედეგად, ქუვეითის ხელისუფლებამ იმ მოქალაქეების წინააღმდეგ გაილაშქრა, ვინც ქვეყანაში ჯერ კიდევ 2023 წელს აკრძალულ ტექნოლოგიას უყენებენ.
ოფიციალური ინფორმაციით, კრიპტომაინერები ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ალ-ვაფრას რეგიონის ასამდე სახლში იყო მოწყობილი, რამაც რეგიონის ენერგომოხმარება ნორმალურთან შედარებით 20-ჯერ გაზარდა. სპეცოპერაციის შედეგად, ენერგომოხმარებამ მკვეთრად იკლო, ანუ მაინერები მართლაც იყო ამოქმედებული.
კრიპტოვალუტების მაინინგი, რომელიც რთული მათემატიკური ამოცანების ამოხსნას გულისხმობს, საკმაოდ ენერგოტევადი პროცესია. ბევრ ქვეყანაში ეს სფერო მკაცრადაა რეგულირებული, მაგრამ ქუვეითის მსგავსად არსებობს არაერთი გამონაკლისი, მათ შორის რუსეთი, კოსოვო და ანგოლა, სადაც მაინინგი საერთოდ აკრძალულია.
ექსპერტების დათვლებით, ქუვეითზე ბიტკოინის ჯამური გამომუშავების დაახლოებით 0.05% მოდის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში ენერგომოხმარება შედარებით დაბალია, დენის მოთხოვნის ნებისმიერი მკვეთრი ზრდა ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემაში დიდ პრობლემებს ქმნის, მით უმეტეს ზაფხულში, როცა ტემპერატურა 50°C-მდე იზრდება და მოქალაქეები კონდიციონერებს და სხვა გასაგრილებელ მოწყობილობებს იყენებენ.
ისე კი, ბიტკოინი, რომელიც პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული აქტივია საბაზრო კაპიტალიზაციით, გლობალურად არსებული ელექტროენერგიის ერთ-ერთი უდიდესი მომხმარებელია. ახალი მონაცემებით, ბიტკოინის მაინინგზე ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკული მოხმარების 2.5% მოდის, რაც დაახლოებით ნახევარია იმისა, რასაც მთელი ქვეყნის კომერციული სექტორი იყენებს.