მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქვეყანას ონკოლოგიური დაავადებების მართვის გაიდლაინი არ აქვს - როგორია ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა?

ონკოპაციენტი

წამყვან პრობლემად რჩება, რომ საქართველოს არ აქვს ონკოლოგიური დაავადებების მართვის ე.წ. გაიდლაინი. ეს ონკოლოგიურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის თემატური მოკვლევის ერთ-ერთი მიგნებაა.

ანგარიში, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა და მათ შორის ონკოლოგიურ სფეროში არსებული მდგომარეობას, სერვისებზე ხელმისაწვდომობას და გამოწვევებს მიმოიხილავს.

ანგარიშის მიხედვით, ონკოლოგიურ პაციენტთა დიაგნოსტიკა - მკურნალობის მიმართულებით შემდეგი მიგნებები გამოიკვეთა:

  • არ ფინანსდება პირველადი დიაგნოსტიკა – არსებული მდგომარეობით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არ ფინანსდება პირველადი დიაგნოსტიკა, რაც უმნიშვნელოვანესია დაავადების გავრცელების დასადგენად, მკურნალობის
    დასაგეგმად და გამოსავლის განსაზღვრისათვის. ასევე არ ფინანსდება ბიოფსია და ჰისტოლოგიურ-იმუნოჰისტოქიმიური კვლევა, რაც მნიშვნელოვანია დიაგნოზის დასადასტურებლად.
  • მუნიციპალიტეტთა როლი პირველად დიაგნოსტიკაში მცირეა, დაფინანსების პროცესი კი ხანგრძლივდება – მართალია, მუნიციპალიტეტები მონაწილეობენ პირველადი დიაგნოსტიკის დაფინანსებაში, მაგრამ ეს თანხა ხშირ შემთხვევაში მცირეა, მისი მიღება კი დროში იწელება.
  • დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის და იმუნიზაციის (ადამიანის პაპილომავირუსის (აპვ/HPV) საწინააღმდეგო ვაქცინაცია) სახელმწიფო პროგრამებში პაციენტთა ჩართულობა დაბალია – ეს გამოწვეულია როგორც პოპულაციის დაბალი ცნობიერებით, ისე სერვისის დაბალი პოპულარიზაციით პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალის მხრიდან. პრევენციული ღონისძიებები, როგორიცაა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიები და სტიგმის დაძლევაზე მიმართული ღონისძიებები, არ არის ინტეგრირებული შესაბამის პროგრამებში.
  • ჰისტოპათოლოგიური კვლევის ხარისხი ზოგ შემთხვევაში არადამაკმაყოფილებელია - საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილ მორფოლოგიური კვლევის აღწერილობისა და დასკვნის კრიტერიუმებს ყველა ლაბორატორია ვერ აკმაყოფილებს.
  • სახელმწიფოს არ აქვს დამტკიცებული ონკოლოგიურ დაავადებათა მართვის პროტოკოლი და გზამკვლევი (ე.წ. გაიდლაინი/სახელმძღვანელო პრინციპები) – წამყვან პრობლემად რჩება ქვეყნის შიდა სტანდარტებისა და პროტოკოლების არქონა მკურნალობის კუთხით. ხშირად მსგავსი დაავადებისა და სტადიის მქონე პაციენტები სხვადასხვანაირად იმართებიან სხვადასხვა კლინიკაში. არასტანდარტულ მკურნალობას ხშირად მივყავართ არასაჭირო ჩარევებისკენ, რომლებიც აზარალებს და დიდ ფინანსურ ტვირთს აკისრებს პაციენტს.
  • ონკოლოგიურ-რეკონსტრუქციული ოპერაციებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) მეთოდით განსაზღვრული ტარიფები ნაკლოვანია – ასეთი მძიმე და კომბინირებული ოპერაციები ფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით. DRG-ის კოდების მიხედვით, მათთვის შეუსაბამოდ დაბალი ტარიფებია განსაზღვრული. მოდელი არაობიექტურია ონკოქირურგიისთვის, რადგან სახელმწიფოს მიერ დადგენილი ტარიფები ადეკვატურად ვერ ასახავს ამ ოპერაციებისთვის საჭირო ხარჯებს.
  • არ ფინანსდება თანამედროვე, ძვირად ღირებული მედიკამენტების ნაწილი – ტარგეტული თერაპიისა და იმუნოთერაპიული საშუალებები, რომლებიც არ ფინანსდება საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით, უმნიშვნელოვანესია პაციენტის მკურნალობისთვის.
  • წლიური ლიმიტი ზღუდავს პაციენტის შესაძლებლობას, რომ ჩაიტაროს მკურნალობის სრული კურსი – მკურნალობის სრული კურსი ხშირად ვერ ჯდება წლიურად გამოყოფილ თანხაში. ლიმიტის ამოწურვის გამო, პაციენტი ვეღარ აგრძელებს თერაპიას და მანამდე ჩატარებული მკურნალობის ეფექტიანობა ფუჭად იკარგება.
  • კერძო დაზღვევის მქონე პაციენტთა ხელმისაწვდომობა სერვისებზე გაუმჯობესდა – ასეთი პაციენტები მოწყვლადი ჯგუფები იყვნენ სერვისებზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ონკოლოგიური სერვისებისთვის გათვალისწინებული ლიმიტი მცირე და უკმარი იყო მინიმალური მკურნალობისთვისაც კი. ეს მიდგომა შეიცვალა და მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი უტოლდება ან აღემატება 40 000 ლარს, კერძო სადაზღვევო სქემაში ჩართვის მიუხედავად, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით უფინანსდებათ ონკოლოგიური სერვისები.

თემატური მოკვლევის ფარგლებში გამოიკვეთა გამოწვევები ადამიანური რესურსების მიმართულებითაც, ვინაიდან არსებული ადამიანური რესურსი არ კმარა ონკოპაციენტთა მკურნალობისთვის.

"ზოგიერთი პროფესია ქვეყანაში ან მინიმალური კადრებით არის წარმოდგენილი, ან საერთოდ არ არსებობს (მაგ: ონკორეაბილიტაცია, ონკონუტრიციოლოგია, ონკოფსიქოლოგია და ა.შ). ზოგი მიმართულებით იკვეთება ახალგაზრდა კადრების დეფიციტი და პრობლემური საკითხია მათი მოზიდვაც. ქვეყნის მასშტაბით არ არსებობს ადეკვატური პროგრამები სამედიცინო ფიზიკოსების, დოზიმეტრისტებისა და რადიაციული თერაპიის ტექნიკოსთა მოსამზადებლად. პრობლემაა მომუშავე სამედიცინო პერსონალის განათლების ხარისხიც", - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება სხვა მიგნებებს:

  • საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში საქართველო ჩართულია, მაგრამ ონკოლოგიური კვლევების რაოდენობა ქვეყანაში არ არის სასურველი რაოდენობით;
  • პალიატიური მზრუნველობის სერვისები არ არის ხელმისაწვდომი;
  • არ ფინანსდება ონკოფსიქოთერაპია, ნუტრიციოლოგია, რეაბილიტაცია და
    რეკონსტრუქციულ-აღდგენითი ოპერაციები;
  • კლინიკური ონკოლოგიის სარეზიდენტო პროგრამა საჭიროებს მოდიფიცირებას.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში, კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის ჩართულობის მაჩვენებელი თითქმის 5-ჯერ ჩამოუვარდება რეკომენდირებულს და არცერთი კიბოს სახეობისთვის არ აღემატება 13%-ს. სკრინინგის პროგრამები დედაქალაქში − 2008 წლიდან, ხოლო რეგიონებში 2011 წლიდან ხორციელდება და მოიცავს საშვილოსნოს ყელის, ძუძუს, კოლორექტული კიბოს სკრინინგს და პროსტატის კიბოს მართვას. კარგი პრაქტიკით დადასტურებულია, რომ სკრინინგის პროგრამები მხოლოდ იმ შემთხვევაში იძლევა შედეგს, თუ ჩართულია სამიზნე მოსახლეობის დაახლოებით 60-70%.

თემატური მოკვლევის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში ყველა ლოკალიზაციის კიბოს ახალი შემთხვევების რაოდენობა წლიურად 10 073-დან 11 380-მდე მერყეობს. კიბოს ახალი შემთხვევების 67% რეგისტრირებულია ყველაზე შრომისუნარიან (30-70 წლის) ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან, საქართველოში მოსახლეობის დემოგრაფიული დაბერების ტენდენციაა და მოსახლეობის 1/5 2030 წლისთვის 65 წელზე უფროსი ასაკის იქნება. აქედან გამომდინარე, საერთაშორისო გამოთვლებით, სიცოცხლეში ონკოლოგიური დაავადების განვითარების რისკი საქართველოში 40%-ს უტოლდება.

არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, ანგარიშის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა საჯარო უწყებების მიმართ ჯამში 16 რეკომენდაცია გაიცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები