მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქვეყანას ყველაზე მეტი პოტენციალი ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით აქვს, თუმცა გამოწვევაც ბევრია" - მარიამ ჩახვაშვილი

ჰიდრო

Galt&Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი, მარიამ ჩახვაშვილი მედიასთან ჰიდროენერგეტიკის პოტენციალზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ, განვითარების მიუხედავად, ბოლო წლებში ამ მიმართულებით მშენებლობის ტემპი შენელებულია - ამის შესახებ ჩახვაშვილმა "საქართველოს ენერგეტიკის ფორუმის" შემდეგ ისაუბრა.

"ფორუმის მეორე დღეს აქცენტი გენერაციის სხვადასხვა წაყროებზე იყო დასმული. მქონდა პატივი, ვყოფილიყავი ჰიდროენერგეტიკული წყაროს პანელის მოდერატორი - ეს ძალიან საპასუხისმგებლო მიმართულებაა, რადგან ქვეყანას ყველაზე მეტი პოტენციალი სწორედ ჰიდროს მიმართულებით აქვს, თუმცა, ამავდროულად, გამოწვევაც ბევრია ამ მიმართულებით.

ვხედავთ, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, რაღაც პერიოდის განმავლობაში, აქტიური იყო, შემდეგ კი გვქონდა შენელების პერიოდი და ძალიან საინტერესო იყო იმის განხილვა, თუ რამ შეანელა მშენებლობის ტემპი, რა უშლის დარგს ხელს და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჰიდროენერგეტიკული მიმართულებით წარმოება გაგვიორმაგდეს, რისი პოტენციალიც ქვეყანას აქვს", - ამბობს მარიამ ჩახვაშვილი.

ჩახვაშვილი მედიასთან ჰიდროენერგეტიკის დადებით თვისებებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ დარგის განვითარება განახლებადი ენერგიის სისტემების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

"ჰიდროს რამდენიმე დიდი დადებითი თვისება აქვს - პირველი, რა თქმა უნდა, გენერაციაა, თუმცა დამატებითი პლუსი ისაა, რომ გენერაცია სტაბილურია. მაგალითად, თუ ელექტროსადგურს თან აქვს კაშხალი, ის სეზონური რეგულირების საშუალებას გაძლევს: თუ ელექტროენერგიის შენახვა ფიზიკურად შეუძლებელია, შეგიძლია ზაფხულის წყალუხვობის რესურსი ზამთრის პერიოდში გადაიტანო.

მესამე დადებითი ისაა, რომ ჰიდრო ქარსა და მზეს სისტემურ ქსელში მიღებაში ეხმარება. თუ ჰიდროსადგურები რეგულირებული იქნება, მაშინ აუცილებლად გაიზრდება ქარის და მზის ენერგიის მღების პოტენციალი, სისტემას მეტის მიღება შეეძლება, ქვეყნის ქსელი კი უფრო სტაბილური გახდება", - განმარტავს Galt&Taggart-ის ანალიტიკოსი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები