მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„ქვეყანაში არსებული განწყობა, უახლოეს მომავალში ისედაც შემცირებულ ინვესტიციებს გაანახევრებს“ - ჭუმბურიძე

ზვიად ჭუმბურიძე

"ქვეყანაში არსებული განწყობა, რომელიც პოლიტიკური არასტაბილურობით არის განპირობებული, უახლოეს მომავალში ისედაც შემცირებულ ინვესტიციებს გაანახევრებს", - ასე პასუხობს ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე BM.GE-ის კითხვას, რომელიც საინვესტიციო გარემოს შეფასებას ეხებოდა.

„საინვესტიციო გარემოზე არაერთმა ექსპერტმა და ეკონომისტმა ისაუბრა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ სტაბილურობა არ იყო ქვეყანაში, არავითარ ინვესტიციაზე, არავითარ ეკონომიკურ განვითარებაზე საუბარი არ იქნება. ამიტომ ჩვენ პირველ რიგში სტაბილური გარემო უნდა შევქმნათ არამხოლოდ ბიზნესის, არამედ საზოგადოების განვითარებისთვის. ამიტომ პოლიტიკური სტაბილურობა უპირველესია. ამ ვითარებაში, რომელშიც დღეს ქვეყანაა ჩავარდნილი, თუ მეტყვით, რომ ვინმემ შეიძლება იფიქროს სამომავლო ბიზნესპროექტებზე, არ ვიცი. შესაძლებლობები მცირდება - ეს ყველაზე მთავარია. რა თქმა უნდა, არ ვჩერდებით, მაგრამ ამ ყველაფერს განაპირობებს პოლიტიკური სტაბილურობა.

ქვეყანაში განწყობა ისეთია, რომ ეს უახლოეს პერიოდში - შემოდგომაზე, გაზაფხულზე, ჩათვალეთ რომ გაანახევრებს ისედაც შემცირებულ ინვესტიციებს“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.

საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2024 წელს 1 მლრდ 569 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 18.6%-ით ნაკლებია, ხოლო 2024 წლის წინასწარ მონაცემებს 17.7%-ით ($235.5 მილიონით) აღემატება.

2025 წლის I კვარტალში კი FDI-ის მოცულობა 179.4 მლნ დოლარი იყო, რაც 2024 წლის I კვარტალის წინასწარ მონაცემებზე 7.7%-ით ნაკლებია. კლება განპირობებულია სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის შემცირებით.

საერთაშორისო საერიტინგო სააგენტო Fitch-ის საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის შეფასების ავტორის შეფასებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების უკანასკნელი ტენდენციის ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი სწორედ პოლიტიკური დაძაბულობა შეიძლება იყოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები