ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი ტრიალებს და პანიკის საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„რაც ხდება ქვეყანაში ვირუსების მხრივ არსებულ ვითარებას, ჩვეულებრივი ვირუსები ტრიალებს, არა მარტო საქართველოში, მთელ მსოფლიოში ასეა და სეზონურად, პიკურ მაჩვენებელს აღწევს იანვრის ბოლომდე. არანაირი განგაშის საფუძველი არ არის. ძირითადად შეიძლება ვირუსი გამოხატული იყოს ბავშვებში, მაგრამ პანიკის საფუძველს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა მან.
მინისტრის თქმით, კლინიკები გადავსებული არ არის და ამის საფრთხეც არ არსებობს.
ზურაბ აზარაშვილმა განმარტება გააკეთა გრიპის ვაქცინებთან დაკავშირებით და თქვა, რომ ვაქცინების მარაგი არის.
„ჩვენ ჯერ კიდევ შემოდგომის დასაწყისში უზრუნველვყავით ის, რომ ქვეყანაში გრიპის რამდენიმე კომპონენტიანი ვაქცინები შემოსულიყო. სამინისტრო აქტიურად მოუწოდებდა ყველას, სხვადასხვა კამპანიებით, რომ აცრილიყვნენ. ვაქცინები მარაგში ამჟამადაც არის“, - თქვა აზარაშვილმა.