„ყველანაირი ქმედება, ვისი ჩადენილიც არ უნდა იყოს, რომელიც ევროკავშირს გვაშორებს და გვაპირისპირებს, ამასთან ევროპულ ღირებულებებთან, ევროპულ ოჯახთან, რომლისკენაც აგერ უკვე საუკუნეა მივისწრაფით, გვაშორებს, არის კატეგორიულად მიუღებელი", - ამის შესახებ, საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტმა, ალექსანდრე რატიშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.
მისი თქმით, თუ ამ კანონის მიღება მაინც მოხდება, რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს შედეგები, რაც შეიძლება მოხდეს, იმის გათვალისწინებით, თუ რა რეაქცია გამოხატეს დასავლურმა ინსტიტუციებმა.
"თავისთავად, „გამჭვირვალობა“ ერთის მხრივ უწყინარი სიტყვაა და არაფერ ცუდს არ შეიცავს. თუმცა, ამ სიტყვით მანიპულირება და ამ სიტყვის საფარქვეშ ისეთი კანონის მიღება, რომელიც ევროპის ყველა ქვეყანასთან ცალ-ცალკე აღებულს, ამერიკისა და დასავლეთის სამყაროს ყველა ქვეყანასთან როგორც სამთავრობო, ისე ინსტიტუციონალურ დონეზე გვაპირისპირებს არის მიუღებელი. ყველა ორგანიზაციამ, მათ შორის ევროკავშირმა და ნატომ პრინციპულად უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატეს. როდესაც დასავლეთის სამყარო ასეთი ერთიანია და მე არ მახსოვს ასეთი ერთსულოვნება, რომელიმე საკითხთან დაკავშირებით - თუნდაც ეს არის საკმარისი იმისათვის, რომ ეს კანონი არ უნდა იქნეს მიღებული?!
რაც შეეხება ბიზნესის გადმოსახედს, ჩვენ ჩვენი კონკრეტული ამოცანები გვაქვს, კერძოდ ინვესტიციების შემოდინების შეჩერება, ამასთან უამრავი დახმარების შეჩერება. ყოველ შემთხვევაში ქვეყნისთვის რისკებს ქმნის. აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან შფოთვით და მღელვარებით ვუყურებთ მთელ ამ პროცესს. ისედაც მცირე პირდაპირ უცხოური ინვესტიციები შემოდის ქვეყანაში და ახლა ამის სრულად შეჩერება ამ ქვეყნისთვის, ჩვენი ეროვნული ვალუტის სტაბილურობისთვის, ჩვენი ბანკების და საფინანსო სისტემების სტაბილურობისთვის კატასტროფა იქნება. ასე რომ, ეს ყველაფერი ძალიან შემაშფოთებელია“,-აცხადებს რატიშვილი.
მისივე ცნობით, ამ დრომდე მათ ევროპელ პარტნიორებთან ურთიერთობაში რაიმე შედეგები არ გამოუწვევია, თუმცა საქართველოს გადასახადის გადამხდელთა კავშირის პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ თუ „რუსული კანონის“ მიღება მაინც მოხდება, დასავლეთის რეაქციიდან გამომდინარე, მოვლენების განვითარება პროგნოზირებადი იქნება.